ტელეკომპანია "მე-9 არხთან" უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები იკრიბებიან. ამ დროისთვის "მე-9 არხის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის ტექნიკური პერსონალი, მძღოლები, გამნათლებლები, მემონტაჟეები და მათთან ერთად ის ჟურნალისტებიც იმყოფებიან, რომლებსაც შვებულება დღეს დაუმთავრდათ და სამსახურში უნდა გამოსულიყვნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა ბექა ბარამიძემ განაცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო არხის დამფუძნებლის გადაწყვეტილება მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ბექა ბარამიძე აცხადებს, მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, გააგრძელებს თუ არა ტელეკომპანია მუსაობას და არსებობს თუ არა არხის პოტენციური მყიდველი. ჟურნალისტის განცხადებით, ტელეკომპანია "მე-9 არხზე" პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობდნენ და წესით არც ერთ მათგანს არ უნდა გაუჭირდეს სხვა მედიასაშუალებებში დასაქმება, ვინაიდან, ისინი ყოველთვის ობიექტურ და პროფესიონალურად მომზადებულ რეპორტაჟებს ამზადებდნენ.