"ნუ იქნებით ევროპის იმედად", - ამ სათაურით აქვეყნებს კარნეგის ცენტრის მოსკოვის სამსახური სესილი დრუესა და ლიანა ფიქსის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ხუთ წლისთავამდე, საქართველო და რუსეთი კვლავაც მთავარ თემებად იქცნენ ამჯერად პოზიტიური ამბებით – შვიდწლიანი ბოიკოტის შემდეგ ქართული ღვინო რუსეთის სუპერმარკატების თაროებზე გამოჩნდა.
"ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა თბილისში ახალი პოლიტიკური ლიდერშიფის წყალობით განხორციელდა. 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება გამოაცხადა. შემდგომი ნაბიჯები კი, მაგალითად, თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი რეისების აღდგენა და სავიზო რეჟიმის შემსუბუქება წლის ბოლოსთვის, პოლიტიკური ავანსცენიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო გადადგომის შემდეგ იქნება მოსალოდნელი", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპისთვის ივანიშვილის გამარჯვება და რუსეთთან ურთიერთობის კურსის შეცვლა მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ევროპელი ლიდერები შეეჩვივნენ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას რუსეთთან ურთიერთობების ხარჯზე.
"მიუხედავად აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის გადაჭრაში ნაკლები წინსვლისა, საქართველო იქცა ევროკავშირის მცდელობის იმედად – გარდაექმნა აღმოსავლეთ სამეზობლო სტაბილურობისა და დემოკრატიის ზონად. ამ ფონზე ივანიშვილი ერთობ ამოუცნობად გამოიყურება, რუსეთთან საეჭვო კონტაქტებით. ძირითადი კითხვა კი კვლავ იგივე რჩება: შესაძლებელია თუ არა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებისთვის ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა ევროპასთან და იმავდროულად რუსეთთანაც?", - წერენ სესილი დრუე და ლიანა ფიქსი.
სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპამ უნდა აღიაროს, რომ მისი მცდელობა სადავო ტერიტორიების გამო რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის დარეგულირებისა, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს წარმატებას.
"კონფლიქტის "ცხელი ფაზის" შემდეგ, საქართველო სწრაფად დაეშვა ქვევით ევროკავშირის პრიორიტეტების დღის წესრიგიდან. რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება საქართველოზე რაიმე ზეწოლას შეაფერხებს. მაგრამ ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის სამი ძირითადი საყრდენი კვლავ რჩება: საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო შეთანხმება; გარანტია არ იქნას აღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა (და სხვა ქვეყნების დარწმუნება, რომ ასევე მოიქცნენ); ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პასუხისმგებელია, დააკვირდეს სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთ-საქართველოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება ბუნდოვანია და ჯერაც ნახევრად შეუსრულებელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარება კი პასიური წინააღმდეგობის აქტი უფრო იყო, თუმცა კონფლიქტის გადაჭრის პროცესში პოზიტიური გავლენა ვერ იქონია; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ერთგვარი "უკბილო ვეფხვად" რჩება, რომელსაც მხოლოდ იმის უფლება აქვს, დააკვირდეს სასაზღვრო ზოლს საქართველოს მხრიდან და არ შესწევს ძალა შეაჩეროს ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი.
"ოფიციალურად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ახალ პოლიტიკურ კურსს რუსეთთან მიმართებაში და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება ევროპის ინტერესებშიც შედის, როგორც ეს შტეფან ფულემ თქვა. თუმცა, ევროპის წევრი სახელმწიფოები წუხან, რომ შესაძლოა მეორე "უკრაინის სცენარი" განვითარდეს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ შესაძლოა საბოლოოდ უარი თქვას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დათმობის სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენას სკეპტიციზმით ხვდებიან და ევროკავშირი ისევ და ისევ ეძებს საქართველოს მთავრობიდან იმის მტკიცებულებას, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმუჯობესება უარყოფითად არ აისახება ევროკავშირი-საქართველოს მიმდინარე მოლაპარაკებებში ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე, რომელსაც სავარაუდოდ, ნოემბერში, ვილნიუსში გასამართ აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე მოეწერება ხელი", - წერენ სესილი დრუე და ლიანა ფიქსი.
სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ორაზროვანი გრძნობებისა და გახუნებული ინტერესების ფონზე, საქართველო არ უნდა ელოდეს ევროპისგან რაიმე მნიშვნელოვან მხარდაჭერას რუსეთთან ურთიერთობების გრძელვადიან ნორმალიზაციაში.
"უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, არც ევროპული ინიციატივის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტს გადაჭრიან. საქართველომ ამ გზაზე თავისით უნდა იაროს და ამის უფლება უნდა მიეცეს", - ნათქვამია კარნეგის ცენტრის სტატიაში.