რამდენად კანონიერად და გამჭვირვალედ ხდებოდა ტექნიკის შესყიდვა და როგორი ხარისხის ტექნიკა შეიძინა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
"ტრაქტორების საქმე" ახალი ბრალდებებით და ახალი მტკიცებულებებით გრძელდება.
საქმეში ფიგურირებს ქართული "ჯი-თი გრუპიც," რომელიც 2007 წლიდან NEW HOLLAND-ის ოფიციალური დილერია საქართველოში.
"ჯი-თი გრუპის" გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე,"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ადვოკატ სოსო ბარათაშვილს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს: "...მეორე მხარის ადვოკატი ბარათაშვილი სრულიად ურცხვად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. რამდენიმე დღის წინ მან ჟურნალისტებს გადასცა არასწორი ინფორმაცია, რომ 2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესყიდული ტექნიკა უფრო იაფი იყო, ვიდრე ჩვენ მიერ იქნა მიწოდებული 2007 წელს.”
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი აცხადებს, რომ ლევან გოქსაძის განცხადება აბსოლუტურად აცდენილია ფაქტებს და საპასუხოდ ფასების შედარებას გვთავაზობს არა მხოლოდ 2007-ის, არამედ 2012 წლის მონაცემებთანაც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2012 წელს სამინისტრომ "ნიუ ჰოლანდის" მარკის ტრაქტორები შეიძინა. 2013-ში კომისიამ "კლასის" და "ზეტორის" ტექნიკას მიანიჭა უპირატესობა. ამ ორი წლის განმავლობაში შეძენილი ტრაქტორების ტექნიკური მახასიათებლების და ფასების შედარებისას ორივე კომპონენტში მიმდინარე წელს შეძენილი ტექნიკის უპირატესობა იკვეთება.
2012 წელს 125 ცხენის ძალის მქონე "ნიუ ჰოლანდის" მარკის ტრაქტორში სახელმწიფომ 46 000 ევრო გადაიხადა, 2013-ში კი 135 ცხენის ძალის სიმძლავრის "კლასში" 42 600 ევროა გადახდილი. 2013 წელს 136 ცხენის ძალის სიმძლავრის "ზეტორის" მარკის ტრაქტორები სამინისტრომ 41 700 ევროდ იყიდა. თვალნათლივ ჩანს, რომ 2013-ში უფრო მძლავრი ტრაქტორები შედარებით დაბალ ფასშია შეძენილი.
შესყიდვებს კომისია ახორციელებდა, რომლის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გახლდათ.
გიორგი ჩხეიძე: “გასულ წლებში ტენდერი არ ჩატარებულა. შესყიდვები პირდაპირი მიყიდვის წესით ხორციელდებოდა. წელს ჩვენ შევძელით სპეციფიკაციებით დადგენილი ხარისხიანი ტექნიკა შეგვეძინა დაბალ ფასში. მე მომწოდებლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთ დაბალ ფასად ისინი ტექნიკას სხვაგან არ ყიდიან.”