არჩევნები არის საქართველოს შანსი, მსოფლიოს აჩვენოს წარმატებული საინვესტიციო კლიმატი

არჩევნები არის საქართველოს შანსი, მსოფლიოს აჩვენოს წარმატებული საინვესტიციო კლიმატი

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები არის საქართველოს შანსი, მსოფლიოს აჩვენოს სტაბილური, პოლიტიკური და წარმატებული საინვესტიციო კლიმატი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებით დაინტერესებულია მთელი მსოფლიო. დღევანდელი შეხვედრა კი, ელჩის შეფასებით, კარგი შესაძლებობა იყო დიპლომატიურ კორპუსს მიეღო ინფორმაცია მთავრობის ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიმართულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ იყოს ძალადობა. ისეთი ინციდენტები, როგორიც ჩვენ ვნახეთ, მაგალითად ზუგდიდში, როდესაც ადამიანები ისროდნენ ქვებსა და ბოთლებს, აღარ უნდა განმეორდეს. დღეს მთავრობისგან მოვისმინეთ, რომ დაუყოვნებლივ დაისჯებიან ადამიანები, ვინც ასე იქცევა და უზრუნვეყოფილი იქნება უსაფრთხოების ზომები, რათა კანდიდატებმა შეძლონ უსაფრთხო კამპანიის წარმოება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის ელჩის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მცირერიცხოვანი პარტიების როლსაც შეეხო.

"მნიშვნელოვანია მასაც ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა დაფინანსებაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობასა და მედიაზე. ვფიქრობ, ესეც არის საკითხი, რომელზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს. მომავალი არჩევნები არის საქართველოს შანსი გადაშალოს ახალი ფურცელი, იყუროს მომავლისკენ და აჩვენოს მსოფლიოს, რომ არის სატაბილური, პოლიტიკური და წარმატებული საინვესტიციო კლიმატი. ვფიქრობ, ეს არჩევნები ამის მტკიცებულება იქნება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.