დროა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სამხედრო ინდუსტრიის კუთხით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გამოცემა Eurasianet-ის ჟურნალისტ ჯოშუა კუცერასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო სამხედრო მრეწველობის სფეროში აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებასაც გეგმავს.
"ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა... ამ ეტაპზე თანამშრომლობა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლით შემოიფარგლება. თუმცა, ვფიქრობ დროთა განმავლობაში ერთად საინტერესო საკითხებზე მოგვიწევს მუშაობა. საქართველო და აზერბაიჯანი მსგავსი სახის საფრთხეების წინაშე დგანან. პრიორიტეტებიც ერთნაირია - ჩვენი უნდა დავიცვათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების უსაფრთხოება, ჩვენ უნდა დავიცვათ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ერთობლივი რეგიონალური პროექტების უსაფრთხოებას დადებით შედეგს მოუტანს",-განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ალასანიას თქმით, ესტონეთისა და თურქეთის სამხედრო საწარმოებთან "დელტა" ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ესტონელ პარტნიორებთან. ვაპირებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ისრაელთანაც". კითხვაზე: თუ რატომ არ ბლოკავს რუსეთი ისრაელთან მჭიდრო კავშირებს,
მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაცია არ აქვს მათი კომუნიკაციის შესახებ.