სურსათის ეროვნული სააგენტო 6-თვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 6-თვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, გაძლიერებულია კონტროლი საკურორტო ზონებში. სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეები გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებენ ვადაგასული და საკვებად უვარგისი სურსათის გამოსავლენად.

აკრედიტებულ ლაბორატორიებში 2013 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების სურსათის (მ/შ სასმელი წყლის) 157 ნიმუში/სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 43 ნიმუშში, რაზეც განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედებები.

ქვეყნის მასშტაბით ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი-დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა 604 სარეალიზაციო ობიექტში.

ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო 300 ლარით დაჯარიმდა 88 ფიზიკური და იურიდიული პირი (გასულ წელს ანალოგიური დარღვევისთვის დაჯარიმდა სულ 15 პირი).

ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა 61 ბიზნესოპერატორი (2012 წელს მსგავსი დარღვევისათვის მთელი წლის განმავლობაში სულ დაჯარიმდა25 ბიზნესოპერატორი).

გამოვლინდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი (გასულ წელს მსგავსი კონტროლი არ განხორციელებულა).

2013 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მიერ, პირველად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების ფარგლებში, ევრორეგულაციის EC 2073/2005 „მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები სურსათისათვის“ შესაბამისად ხორციელდება სურსათში Listeria monocytogenes-ს ლაბორატორიული კვლევა.