საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს 20 ივლისს ქ. ზუგდიდში პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ღონისძიების ხელისშეშლასთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, ეს იქნება გამონაკლისი და შემდგომი საარჩევნო პერიოდი სამოქალაქო თანხმობის პირობებში ჩაივლის.
საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შესაბამისად, საარჩევნო პროცესი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები მშვიდობიან პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრები უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს და ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება და დელიკატური მიდგომა გამოიჩინოს პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროსა და სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.