საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილი მერყევი, გაუბედავი და მორჩილი გახდა

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილი მერყევი, გაუბედავი და მორჩილი გახდა

"გაკვეთილები დემოკრატიული გამოცდილებიდან", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal მეთიუ კამინსკის სტატიას საქართველოს შესახებ. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი უდიდესი ენთუზიაზმით გამოირჩეოდა. მას ძალიან უყვარდა თავისი თანამედროვე საპრეზიდენტო სასახლის სხვებისთვის ჩვენება და თბილისის გარშემო ტურების ექსპრომტად მოწყობა.

"თუმცა, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. 45 წლის მიშა, იგივე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა პოლიტიკური გვამია. მას შემდეგ, რაც მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ის მერყევი, გაუბედავი და მორჩილი გახდა. მიშამ ქვეყანა პირველ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანა. 2008 წელს ის გადაურჩა რუსეთთან ომს და პუტინის მუქარას – ჩამოეკიდა სააკაშვილი გენიტალიებით", - წერს მეთიუ კამინსკი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ცივი ომის დასრულებასთან ერთად, ჩეხეთი, ბალტიისპირეთი და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნები გათავისუფლედნენ ტოტალიტარიზმისგან და დასავლეთს შეუერთდნენ.

"სავარაუდოდ, ამ ბედნიერი დასასრულისკენ მიექანებოდა საქართველოც. თუმცა, ეგვიპტის დღევანდელი მაგალითზე დიდხანს ყურება არ არის საჭირო იმის მისახვედრად, თუ რა რთულია გზა რევოლუციიდან უკეთესობისკენ", - წერს მეთიუ კამინსი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამის საილუსტრაციოდ მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება გამოდგება, რომელმაც ცხრა წლის წინ ქუჩის დემონსტრაციების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელსაც სააკაშვილი ედგა სათავეში, თბილისში მყოფმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა საქართველოს "დემოკრატიის შუქურა" უწოდა, რამაც მის გვერდით მდგომი მიშა გააცისკროვნა", - აღნიშნავს Wall Street Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი მეთიუ კამინსკი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ ღამეში 15 ათასი პოლიციელი გაათავისუფლეს და თან გააყოლეს კორუფცია, რომელიც მაშინდელი საქართველოს კულტურის ნაწილი იყო. საქართველო, პირველად ისტორიაში, დაწინაურდა მსოფლიო ბანკის რეიტინგში, 90-იანი წლების ომის დროს განადგურებული თბილისი კი მიმიზიდველ ადგილად იქცა.

"მაგრამ სააკაშვილის ტოლერანტობა პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის თავისუფლების მიმართ დროთა განმავლობაში დაჭკნა. გარდამტეხი კი 2007 წელი გამოდგა, როცა მან პოლიცია გააგზავნა ანტისამთავრობო დემონსტრაციის და ერთ-ერთი სატელევიზო ოპოზიციური არხის დასარბევად. შემდგომში მან უკან დაიხია, თუმცა ზიანი უკვე მიყენებული იყო", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც მეთიუ კამინსკი აღნიშნავს, სააკაშვილის ძლევამოსილი მმართველობიდან ათი წლის შემდეგ, მეგობრები მტრებად და პროპაგანდისტულ შურისმაძიებლებად იქცნენ.

"სწორედ ამ დროს ჩნდება სცენაზე ბიძინა ივანიშვილი, განმარტოებული მილიარდერი, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ის სამშობლოში ათი წლის წინ დაბრუნდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ეხმარებოდა მიშას, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით გაწყვიტა მასთან ურთიერთობა და ოპოზიციური მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფინანსება დაიწყო", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ 2011 წლიდან მოყოლებული მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განადგურება დაიწყო – უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე, შეტევა მიიტანა მის ბანკსა და ტელევიზიებზე.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება ორივესთვის შოკისმომგვრელი იყო. "თავად პროცესი იყო არაჩვეულებრივი", - ციტირებს სტატიის ავტორი პრეზიდენტის სიტყვებს.

"დიდსულოვანი არც ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. თვალი თვალის წილ – კავკასიური მეთოდია. ახლა ძლევამოსილი ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს მიხეილ სააკაშვილს. არჩევნების შემდეგ მან სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა, როცა ამაზე ევროპამ და აშშ-მა დაიჩივლეს", - წერს მეთიუ კამინსკი და დასაძენს, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყო სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეების სამართლებრივი დევნა, ათობით მათგანი გაასამართლეს და დააკავეს, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი არ "გამორიცხავს" სააკაშვილის დაკავებას, რომელსაც "ტყუილის ნიჭიერ ოსტატს"უწოდებს და რომელიც "პატივს არ სცემს ქართულ კანონმდებლობას".

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს კავკასიის მკვლევარის, ექსპერტ თომას დე ვაალის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო არ განიცდის უკრაინის მსგავს რეგრესს და საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია მმართველ პარტიასთან თანამშრომლობს, ამომრჩეველს კი საქრთველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

"მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნა ქვეყანას აქეთკენ არ წაიყვანს. ეს არ არის მომწიფებული დემოკრატიისკენ მიმავალი გზა", - აღნიშნავს თომას დე ვაალი Wall Street Journal-თან საუბრისას.

სტატიის ავტორი ასევე იხსენებს რობერტ დალის წიგნს "დემოკრატიის შესახებ", სადაც დალი იმ საფრთხეების ნუსხას აქვეყნებს, რომლებიც პოპულარულ მთავრობებს ემუქრება. ესენია: ეკონომიკური ვარდნა, კორუფცია, ოლიგარქია, ომი, დამპყრობლობა, ავტორიტარული მმართველობა.

"ერებისთვის ისევე, როგორც ადამიანებისთვის რთულია ღრმად ფესვგადგმულ ჩვევებზე უარის თქმა. ერთობ მაცდუნებელია არაბული სამყაროსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დემოკრატიაზე ხელის ჩაქნევა. საქართველოს გამოცდილება სხვა რამეზე მეტყველებს: მათი ლიდერების, მოქალაქეებისა და უცხოელი მეგორების ვალდებულებაზე, მოთმენასა და რწმენაზე", - წერს მეთიუ კამინსკი.