"საქართველოს "ღია კარის" პოლიტიკა მკაცრდება", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული BBC მარია ხოსე დელ ვალეს სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს სათავეში მოსულ ლიდერებს ქაოტური, კორუფციული და დაშლილი ქვეყანა ერგოთ მემკვიდრეობით, რაზეც მათი საპასუხო რეაქცია მთელი სისტემის შერყევა იყო, თუმცა ზოგიერთი მოულოდნელი ცვლილებებიც გატარდა.
"ქვეყნის ახალმა ლიდერშიფმა, რომელსაც ამერიკაში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში, წარსულისთვის ბოლოს მოღება, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ქვეყნის კარის უცხოელებისთვის გაღება დაისახა მიზნად", - წერს მარია ხოსე დელ ვალე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის სიტყვებს ციტირებს, რომელიც BBC-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იმისათვის, რომ საქართველო რეგიონული ცენტრი გამხდარიყო, მაშინდელმა ხელისუფლებამ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა და, პირველ რიგში, ამისთვის თავისუფალი სავიზო პოლიტიკა მიიღო - უცხოელებისთვის საქართველოში ჩამოსვლა და ინვესტირება გაამარტივა.
"შედეგად ქვეყანაში უცხოელების შემოდინება დაიწყო როგორც მეზობელი თურქეთიდან, ირანიდან და ეგვიპტიდან, ისე შორეული – ინდოეთიედან და ჩინეთიდან. საქართველოს ღია კარის პოლიტიკამ ასევე შეუწყო ხელი ბიზნესის ზოგიერთი სფეროს განვითარებას, მათ შორის კლინიკების გახსნას, რომლებიც წყვილებს სუროგატი დედებით ემსახურება", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და ერთ-ერთი ადგილობრივი ქართული კლინიკის New Life Global Network-ის თანადამფუძნებლის მარიამ კუკუნაშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკელ, კანადელ, ესპანელ და იტალიელ წყვილებს საქართველოში ჩამოსვლა უადვილდებათ, რადგან ქვეყანაში შემოსავლელად ვიზა არ სჭირდებათ. მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ სერვისით სარგებლობის მსურველ უცხოელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ზოგიერთ ნაბიჯს მოულოდნელი შედეგებიც მოჰყვა და მაგალითად ბათუმი მოჰყავს, სადაც უცხოელები - ძირითადად თურქები, ირანელები და აზერბაიჯანელები ადგილობრივ კაზინოებს სტუმრობენ, ვინაიდან აზარტული თამაშები მათ ქვეყანაში აკრძალულია.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ ყველაფერს გვერდითი მოვლენებიც აქვს – ქვეყანაში პროსტიტუციამ იმატა. სტატიის ავტორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია ხარატის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ადრე სექს-მუშაკების რაოდენობა მხოლოდ ზაფხულის
განმავლობაში მატულობდა, ახლა კი მათი რიცხვი მთელი წლის განმავლობაშია გაზრდილი და ისინი ძირითადად, ქართველები და ცენტრალური აზიის მოქალაქეები არიან.
"შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ზოგიერთი მუშა კი მინდვრების დასამუშავებლად მოდის და კაშკაშა ბათუმიდან შორს, ახალ სამგორში სახლდება. პანჯაბელი ფერმერები მთელ დღეებს მიწის დამუშავებაში ატარებენ", - წერს მარია ხოსე დელ ვალე.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში 2 ათასამდე ინდოელი ფერმერია, რომელთაც აქ მიწები და საკუთარი ტექნიკა შეიძინეს, სეზონის პიკზე კი 20-25 მუშას ქირაობენ.
"ინდოეთთან შედარებით, აქ მიწები ძალიან იაფია, ნიადაგი კი ძალიან ნოყიერი, კარგი კლიმატი და კარგი ხალხია. ამიტომ კიდევ გვინდა მიწების შეძენა და აქ დარჩენა", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოში დასახლებული პანჯაბელი ფერმერების კომენტარს.
თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ინდოელების ჩამოსახლებით საქართველოში ყველა არ არის ბედნიერი და წინა ხელისუფლებას უცხოელებზე მიწების მიყიდვის გამო აკრიტიკებს.
"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყო წესების გამკაცრება ისევე, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის მატება და უცხოური ინვესტიციების კლება", - წერს მარია ხოსე დელ ვალე.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ იმ დროს, როცა ხელისუფლებამ ბაზარზე და დასავლეთზე ორიენტირებულობა გამოაცხადა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა გამოაცხადა.
"ამ ეტაპზე ეს სისტემა ქაოტურია. გვინდა, ევროკავშირის რეგულაციებს მივუახლოვდეთ", - ციტირებს სტატიის ავტორი თეა წულუკიანის კომენტარს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ 1 ივლისიდან უკვე გააუქმა ირანთან თავისუფალი სავიზო რეჟიმი.
"შესაძლოა, უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვები ინდოელ ფერმერებსაც შეეხოთ. საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც 2014 წლის ბოლომდე შეზღუდვებს აწესებს მიწების მიყიდვაზე უცხოეთის მოქალაქეებისთვის", - წერს მარია ხოსე დელ ვალე და ნიკა გილაურის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ეს არ არის კარგი იდეა.
"რაც უფრო მეტი მუშა-მოსამსახურე შემოვა ქვეყანაში, მით მეტ კაპიტალს, მეტ ნოუ-ჰაუს მოიტანს. ქვეყნისთვის ცუდი არ არის, იყოს დამსაქმებელთა ცენტრი", - ციტირებს სტატიის ავტორი ნიკა გილაურის კომენტარს.