ლიბერთი ბანკი აგრძელებს საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების და ელექტრონული მედიის განვითარების მხარდაჭერას
დღეს ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სარგებლობაში არსებული დარბაზი აღიჭურვება ორმოცდაათამდე თანამედროვე კომპიუტერით, ხოლო დარბაზს დაერქმევა ლიბერთი ციფრული დარბაზი (Liberty Digital Hall). დარბაზში მისულ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ციფრული ტექნოლოგიების უახლეს ამბებს, მიიღონ მეტი ინფორმაცია აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის და იქვე გამოსცადონ ინოვაციური ელექტრონული პროდუქტები და მობილური აპლიკაციები. ჩვენ ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ლიბერთი ციფრული დარბაზი ახალგაზრდა პროფესიონალების, სტუდენტებისა და აბიტურიენტების თავშეყრის საინტერესო ადგილი გახდება.
ლიბერთი ბანკი და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა აპირებენ ერთობლივად მოახდინონ „ლიბერთი ციფრული დარბაზი“-ს მაქსიმალური პოპულარიზაცია. ამ მიზნით დარბაზში სხვადასხვა სახის აქციები და ღონისძიებები განხორციელდება. მათ შორის ლიბერთი ბანკი აპირებს დარბაზის სტუმრებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ჩაატაროს ტრეინინგები და სემინარები ციფრულ ტექნოლოგიებში სიახლეებისა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესახებ.