საქართველოს გენერალთა კლუბს აქვს პატივი შეახსენოს საზოგადოებას, რომ უკვე 20 წელია, ყოველ 2 ივლისს, აღინიშნება აფახაზეთის ომში კინდღი-ლაბრა-ტამიშის რაიონში რუსული საზღვაო დესანტის მოგერიების და განადგურების ოპერაციაში მონაწილე და დაღუპული მებრძოლების ხსენების დღე.
დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი და სისხლისმღვრელი საბრძოლო მოქმედებები, სადაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ქართულ საბრძოლო შენაერთებს მოუწიათ რუსეთის ელიტარული სპეცდანიშნულების ნაწილების და მათ მიერ მომზადებული ე.წ. „კონფედერატები“ს საბრძოლო შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ბრძოლაში ქართველი მეომრების თავგანწირვამ და თავდადებამ შეაცბუნა და გაოგნებაში მოიყვანა მოწინააღმდეგე, რის შედეგადაც ჩაიშალა და დიდი ხნით გადაიდო რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი მოულოდნელობის ეფექტის მატარებელი სიღრმისეული დესანტის გადმოსხმის და მისი განვითარების გეგმები.
2 ივლისს, 12 საათზე შეკრება მოხდება გმირთა მოედანზე დიდების მემორიალთან, ხოლო შემდეგ შავნაბადას მთაზე წმ.გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება სამშობლოსთვის დაღუპული ქართველი მეომრების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.