„ორთაჭალენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა,თემურ ჭიჭინაძემ ღია წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს. For.ge წერილს სრულად გთავაზობთ
ღია წერილი – საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს; საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ნოდარ ხადურს
ბატონებო.
კომუნიკაციის ეს საჯარო ფორმა ვარჩიეთ, რამდენადაც, საკითხი, რომლის გამოც თქვენი ყურადღების მიპყრობა გადავწყვიტეთ, ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის და იმ საზოგადო სატკივარს ეხება, რაც „ნაციონალური ხელისუფლების“ მმართველობის პერიოდში დაგროვილმა უსამართლობამ დატოვა. არ იქნება თქვენთვის სიახლე, თუ შეგახსენებთ, რომ საზოგადოება დიდი მოთმინებით ელის იმ პროცესის რეალურად დაწყებას, რასაც დაზარალებული მეწარმეების უფლებების აღდგენა ქვია.
ჩვენი კომპანიის, „ორთაჭალენერჯის“ შემთხვევა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ისტორია ბანალურად არ განვითარდა. ანუ, ზეწოლის და ქონების წართმევის დროს ჩვენ არც ჩუქება გაგვიფორმებია და არც განხორციელებულ ზეწოლებს დავქვემდებარევივართ. იმთავითვე დავიწყეთ და არც ერთი წუთით არ შეგვიწყვიტავს სამართლებრივი ბრძოლა ჩვენი უფლებების დასაცავად და აღსადგენად. ძალადობის განხორციელების პირველივე დღიდან მოყოლებული, დაწყებული გვაქვს სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან, რომელიც ამ ეტაპზე უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომდეა მისული, სადაც ჩვენი შელახული საკუთრების უფლების სრულად და უპირობოდ აღდგენას და, შესაბამისად, მოყენებული ზარალის ასევე სრულად და უპირობოდ ანაზღაურებას მოვითხოვთ.
ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების კვალდაკვალ, ჩვენ ჯერ ისევ გვაქვს მოლოდინი, რომ განახლებულ და ობიექტურობასა და სამართლიანობაზე ორიენტირებულ ჩვენსავე სამართალდამცავ სტრუქტურებში მოხერხდება სამართლიანობის აღდგენა და სახელმწიფო გათავისუფლდება სოლიდური ხარჯებისგან, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლო მას ჩვენს სასარგებლოდ დააკისრებს. სწორედ ამ მოტივით შევიტანეთ განცხადება მთავარ პროკურატურაში 2012 წლის დეკემბერში. საქმე აღიძრა, თუმცა საქმეზე დაკითხული ჯერ მხოლოდ ჩვენი მხარეა და არც გამოძიების პროცესის დაჩქარებას უჩანს პირი. არადა, გამოძიების პროცესის ობიქტურად წარმართვის კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ამბავთან დაკავშირებით, ყველაფერი ცხადი და ნათელი შეიქმნება და კიდევ ბევრი უკანონობა გამოიკვეთება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ხილულ მომავალშივე ხალხის ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, მოიცლის და საგნობრივად დაიწყებს პროკურატურაში შეტანილი იმ ათიათასობით საჩივრისა თუ სარჩელის განხილვას, რომლებიც პროკურატურისა თუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან კვლავ სათანადო ყურადღების მიღმაა დარჩენილი, და დროში უმოწყალოდ იწელება და ამის გამო საზოგადოებაში ნეგატიურ მოლოდინსა ად არასასურველ კითხვის ნიშნებს აჩენს.
საქმის ვითარება მოკლედ, ასეთია:
შპს „ორთაჭალენერჯი“, რომელიც 1994 წლიდან იჯარის და ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მართავდა სახელმწიფო ქონებას, - ორთაჭალჰესს (და სრულად და ზედმიწევნით ასრულებდა ნაკისრ საიჯარო ვალდებულებებს და არც საგადასახადო სტრუქტურებთან ჰქონია ოდესმე დავალიანება), 2008 წლის ბოლოს, საიჯარო ვადის ამოწურვამდე 11 წლით ადრე, კანონმდებლობის უხეში დარღვევით გააძევეს ობიექტიდან. „იმუშავა“ სახელმწიფო მანქანამ. კერძოდ - მეიჯარე სახელმწიფო კომპანიამ „ორთაჭალჰესი 2007“-მა (მესაკუთრე ბენეფიციარი - საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო) „ორთაჭალენერჯის“ ცალმხრივად შეუწყვიტა იჯარა, რისი უფლებაც არ ჰქონდა „იჯარის შესახებ“ კანონის თანახმად, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებდა ლიზინგი- ფინანსური იჯარა, ანუ იჯარა-გამოსყიდვის ერთგვარი ფორმა და ჩვენს კომპანიას ობიექტზე გაწეული ქონდა რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია. საკითხს დამატებით ამძაფრებს და ცინიკურ ელფერს აძლევს ისიც, რომ იჯარის შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, იმავე „ორთაჭალჰესი 2007“-ის მოთხოვნით, შედგა ახალი შეთანხმება (დამატება არსებულ ხელშეკრულებაზე), რომელიც იჯარის ღირებულების გასამმაგებას ითვალისწინებდა და იქვე ითვალისწინებდა პირობასაც, რომ ეს ნიხრი მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლებოდა.
უკანონო მოთხოვნის წარმოდგენისთანავე, რეალობის ამხსნელი და განმმარტავი საპასუხო წერილებით მივმართეთ როგორც „ორთაჭალჰესი 2007“-ს, ისე ეკონომიკის სამინისტროს. პარალელურად, შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, რომლის ყველა ინსტანციაშიც, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ბიზნესის ტერორის ეპოქაში, საქმე წავაგეთ და მივმართეთ სტრასბურგს.
ძალადობრივი გზით იჯარის შეწყვეტამდე ეკონომიკის სამინისტრომ (მინისტრი - ლაშა ჟვანია) სწრაფადვე გასაყიდად გამოიტანა მისივე შპს - „ორთაჭალჰესი 2007“, კომპანია, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ორთაჭალჰესი. აუქციონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ერთადერთი და უალტერნატივო მყიდველი - ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომლის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის სახელს. „ენერგო პრომ“ ეს აქტივი – რეალური სიმძლავრით 14 მეგავატიანი ჰესი, საოცრად მაღალ ფასად - 25 000 000 აშშ დოლარად შეიძინა (პირვენდელი ღირებულება მხოლოდ შვიდასი ათასი ლარი იყო) და ამით გენერაციის სექტორში უპირობო მონოპოლისტად იქცა. რა თქმა უნდა, სადავო პროცესში ჩათრეულმა „ორთაჭალენერჯიმ“ ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობა წერილობით, ოფიციალურად გააფრთხილა, რომ გასაყიდ ობიექტთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობდა და კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა ეს ფაქტორი `ენერგო-პროსთვის~ დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.
ცხადია, როცა „გადაწყვეტილება მიღებულია“, მის აღსრულებას ვერაფერი შეაჩერებს, თუნდაც საამისოდ მთელი რიგი უკანონობების ჩადენა გახდეს საჭირო. ასეც მოხდა. და დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან სისტემური დანაშაულის განხორციელება. – საქმეში ჩაერთო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია („სემეკი“ – ბ–ნ ჩალაგაშვილის ხელმძღვანელობით) და საჯარო რეესტრის ეროვნულო სააგენტო (ბ–ნ ვაშაძის ხელმძღვანელობით). „სემეკ“-მა „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სასწრაფო წესით“, ორ დღეში, ის ტარიფი გადაუფორმა, რომელიც `“ორთაჭალენერჯისთვის“ ჰქონდა დამტკიცებული, რაც პირდაპირი უკანონობა იყო. საოცრებათა რიგს განეკუთვნება ის ფაქტიც, რომ „სემეკმა” ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღო, ხოლო მისი ძალაში შესვლა უკანა რიცხვით, კერძოდ, 2009 წლის 7 თებერვლით „დააკანონა. მხოლოდ ამ მოკლე პერიოდში ამ გადაწყვეტილებამ „ორთაჭალენერჯი“ 150 000 ლარით აზარალა. საჯარო რეესტრმა, თავის მხრივ, უპრებლომოდ, ცალმხრივად გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და ეს გაურკვეველი და საკითხთან ოფიცილური მიმართების არმქონე პიროვნების გაურკვეველი განცხადების საფუძველზე უკანონოდ გააკეთა. ეს ფაქტიც ხდება მაშინ, როცა საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობდა.
რა თქმა უნდა, „სემეკ“-ისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლების ქმედება დასჯადია. მაგრამ არც იმ პერიოდში დასჯილა ვინმე და იგივე ბატონები ახლაც ჩინებულად გრძნობენ თავს სხვადასხვა არჩევით თუ დანიშვნით თანამდებობებზე. არადა, ორივე ორგანიზაციის „მოღვაწეობის“ ისტორია სავსეა ასეთი და ამაზე უარესი გადაწყვეტილებებით და თუ ოდესმე პროკურატურა „მოიცლის“, შესაძლოა, ორთაჭალჰესის საქმე აღმოჩნდეს ის გასაღები, რომლითაც „სემეკ“-ისა და საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებების გამოიძიების დაწყება გახდება შესაძლებელი.
ამ ისტორიაში ცინიზმამდე მისული ერთი ფაქტიცაა – მოიჯარე კომპანიის, „ორთაჭალენერჯის“ მიერ ინვესტირებულ ტექნიკურ საშუალებებსა და მანქანა-დანადგარებს, რომლებიც ახლაც აღნიშნული კომპანიის ბალანსზეა, მართავს და მათით სარგებლობს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ხოლო ქონების გადასახადს, ანუ, იმ ქონების გადასახადს, რომელსაც სახელმწიფო მანქანის უკანონო ხელშეწყოფით „ენერგო-პრო“ დაეუფლა, დღემდე „ორთაჭალენერჯი“ იხდის. თავის დროზე, არც ქონებათა გამიჯვნა და არც კომპენსაციის საკითხის დასმა, არავის აზრად არ მოსვლია, რომ ფორმალურად მაინც დაელაგებინათ ვითარება. გამოდის, რომ მთელი ეს წლები სახელმწიფო მანქანის მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად „ენერგო-პრო“ იღებდა და დღემდე იღებს უკანონო შემოსავლებს.
ამ ნაწილში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რაც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას და ქონების გადასახადის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას ითვალისწინებს, ჩვენს მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული არც ერთ ინსტანციაში.
რა თქმა უნდა, „ენერგო-პრო“ ამბობს, რომ ისინი კეთილსინდისიერი მყიდველები არიან და რომ აუქციონის პირობებს ასრულებენ. აი, თავად ეს აუქციონი რამდენად იყო კანონიერად გამოცხადებული, ეს უკვე მათი ინტერესის საგანი აღარ არის...
ეს წერილი კონკრეტულ საკითხს ეხება და ამდენად, აქ აღარ შეგაწყენთ თავს „ენერგო პროს“ სხვა „ცოდვებზე“ საუბრით. დარწმუნებული ვარ, იმის დროც დადგება და საიმისოდაც მოიცლის ოდესმე პროკურატურა იქნება თუ ფინანსური პოლიცია, რომ „ენერგო პროს“ საქართველოში შემოსვლის წინარე პერიპეტიები გამოიძიოს და იქნებ ელექტორენერგიაზე არსებული საკმაოდ მაღალი ტარიფების გენეზისამდეც აღარ გაჭირდეს მისვლა.
ჩვენი საქმე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, სადაც დაზარალებული ბიზნესმენები კითხვებზე პასუხებს პროკურატურისგან, ფინანსური საგამოძიებო უწყებებისგან და შემდგომ სასამართლოსგან ითხოვენ. ფაქტია, რომ ქონებრივი დავების გამოძიების პროცესი გაჩერებულია. რატომ? - კითხვაზე პასუხი არც მომჩივანებს აქვთ და არც საზოგადოებას...
საგამოძიებო უწყებებში კი ჩვეული, მაგრამ ახალ რეალობასთან მიმართებაში, გაუგებარი „პინგ-პონგი“ გრძელდება. მთავარი პროკურატურა პრესასთან აცხადებს, რომ „ორთაჭალენერჯის“ სარჩელი შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
საგამოძიებო სამსახური კი მრავალმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ამ საქმეზე ინტენსიურ გამოძიებას ატარებს, მაგრამ ამავე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ დააკონკრეტებენ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი უკვე მოგახსენეთ, - მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ განმცხადებელი მხარეა დაკითხული. მოპასუხეები, მოსაკითხადაც კი, დღემდე არავის შეუწუხებია.
ესაა, მოკლედ.
მოკლედ კი ითქმის, მაგრამ, ცხადია, ამ მოკლედ თქმულის მიღმა არის წლები, რომელთა მანძილზეც ჩვენი 100 კაციანი კოლექტივი მაღალი პასუხისმგებლობით უვლიდა და ამოქმედებდა იჯარით აღებულ ენერგოობიექტს. ამის მიღმაა ის წყალში გადაყრილი ბიზნეს–გათვლები, რომელიც „ორთაჭალენერჯის“ მენეჯმენტს ჰქონდა და ის გაწეული რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც დანაშაულებრივად მოქმედმა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულმა „მუშაობამ“ ასევე წყალში გადაყრილად აქცია. ამის მიღმაა ჩვენი უცხოელი აქციონერების, ინვესტორების უსაზღვრო გაოცება და იმედგაცრუება, რაც ზემოთ აღწერილმა ისტორიამ გამოიწვია. ადამიანების დანგრეულ ნერვებზე უკვე აღარც კი ვსაუბრობთ.
კარგად ვიცით, რომ ჩვენი 100-კაციანი კოლექტივის მსგავსად, ანალოგიურ მდგომარეობაშია ასობით ბიზნესი და ათასობით ადამიანი. ისიც კარგად გვესმის, რომ პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთია და სახელმწიფოსთან ქონებრივი დავის საქმე ათასი, მაგრამ ის კი აღარ გვესმის, როცა უკვე აღძრული საქმეები პრაქტიკულად გაჩერებულია და მეტიც, მათზე მოპასუხეთა მხრიდან არც კი დაკითხულა ვინმე.
კონკრეტულად ჩვენ რაც შეგვეხება, გვაქვს სრული მზაობა, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, განვიხილოთ და მივიღოთ გამოსავლის ძიების ყველა გონივრული გზა და გადაწყვეტილება. მაგრამ, მხოლოდ ჩვენი მზაობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. აქ, თქვენი, ანუ პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მზაობა და აქტიური მუშაობაა გადამწყვეტი.
ბატონო არჩილ, ბატონო ნოდარ, მოგმართავთ ამ ღია წერილით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი საქმე, რომელიც ნამდვილად არ არის ბანალური ქონების „ჩუქების“ ისტორია, თქვენი ქვემდებარე უწყებების რეალური ყურადღების საგანი გახდება და ბოლოს და ბოლოს შეიქმნება პირველი პრეცედენტი, როცა სახელმწიფოსთან ქონებრივი დავის საქმეზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
პატივისცემით
„ორთაჭალენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე,
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი
თემურ ჭიჭინაძე