რობერტ კოლსონი -  სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს

რობერტ კოლსონი - სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს

"სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს", - ამ სათაურით აქვეყნებს რობერტ კოლსონის სტატიას "რადიო თავისუფლების" ევროპის სამსახური. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სანდრო გირგვლიანის მოჩვენება ქართულ პოლიტიკას მას შემდეგ დასდევს, რაც 2006 წელს ახალგაზრდა ბანკირი სასტიკად სცემეს და თბილისის გარეუბანში გარდაცვლილი მიატოვეს.

"როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ამ კვირაში გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენეს, გაქრა ყველანაირი იმედი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მემკვიდრეობას ამ ლაქას ჩამოაშორებდა", - წერს რობერტ კოლსონი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ამ მკვლელობამ და მთავრობის მიერ დანაშაულის დაფარვამ დემოკრატიული ოპტიმიზმის ტალღის - "ვარდების რევოლუციის" იდეალების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, რევოლუციის, რომელმაც 2003 წელს სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

"ეს განსაკუთრებით სახიფათო იყო, რადგან მან შავი ლაქა მიაყენა პრეზიდენტის მთავარ მიღწევას – საქართველოს კორუმპირებული და არაპროფესიონალი პოლიციის ძალების რეფორმას", - წერს რობერტ კოლსონი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის მემკვიდრეობას დღესაც ბევრი აჩრდილი დასდევს – მათ შორის ფარული სკანდალური ჩანაწერები, რომელიც მისი მმართველობისას გაკეთდა და რომელზეც, ძალოვან სტრუქტურებში პატიმართა წამებაა ასახული.

"თუმცა სანდრო გირგვლიანის საქმე, მისი სასტიკი დეტალებითა და შორსმიმავალი შეთქმულების დაფარვის სამხილებით, როგორც ჩანს, განსაკუთრებულია", - აღნიშნავს რობერტ კოლსონი და დასძენს, რომ ჯერაც გაურკვეველია, 2006 წლის იანვრის ღამეს მოკლული სანდრო გირგვლიანი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა თუ უპატრონოდ მიგდებული გაიყინა.

როგორც სტატიის ავტორი წერს, პროკურორები ახლა ამტკიცებენ, რომ დანაშაულის დაფარვის გარდა, მერაბიშვილმა დანაშაულში მონაწილე თითოეულ პირს 100 ათასი დოლარი გადაუხადა, ციხეში კი მათ განსაკუთრებული ლოალობით ეპყრობოდნენ.

თავად მერაბიშვილი კი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ გირგვლიანის ოჯახმა საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადასცა, რომელმაც 2011 წელს 69-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში, სასამართლო ამ საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას აკრიტიკებდა.

"სასამართლო გაოგნებული იყო, როგორ მოქმედებდნენ ხელისუფლების სხვადასხვა ფრთები, რათა არ აღსრულებულიყო სამართლიანობა", - ნათქვამია სტატიაშია.

რობერტ კოლსონი ასევე ციტირებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" თავმჯდომარის კახა კოჟორიძის სიტყვებს, რომლის ინფორმაციით, ევროპის ადამიანთა უფლებადამცველმა სასამართლომ განაცხადა, რომ მოსამართლეები გაოგნებულები იყვნენ იმ სისტემური პრობლემებით, რაც გამოძიების წარმოებისას აღმოაჩინეს.

"მათ აღმოაჩინეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურატურა, პენიტენციალური სისტემა, სასამართლო, პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ერთობლივად მოქმედებენ, დანაშაულის დასაფარად", - ციტირებს სტატიის ავტორი კახა კოჟორიძის სიტყვებს.

როგორც რობერტ კოლსონი წერს, შვიდი წლის განმავლობაში გირგვლიანის საქმე მოუშორებელი ლაქა იყო იმის, რაც ერთ დროს სააკაშვილის მემკვიდრეობის ნათელ ნაწილად ითვლებოდა.

"ის, რომ სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და რომ არსებობს შანსი, შემოდგომის შემდეგ, როცა სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, თავადაც წარსდგეს სასამართლოს წინაშე, იმაზე მეტყველებს, რომ გირგვლიანის აჩრდილი ისევ დევნის ადამიანს, რომელმაც ერთ დროს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების იმედი ჩასახა", - წერს რობერტ კოლსონი.