პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარის დენის დავითაშვილის განცხადებით 26 ივნისს შესდგა მისი და საქართველოში ევროკომისიის წარმომდგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის დროს დენის დავითაშვილმა გაუზიარა ბატონ ფილიპს იმ დადებითი ძვრების შესახებ, რაც ხდება პროფესიულ განათლებაში ქვეყანაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ.
კერძოდ, სამინისტროსა და პროფესიულ კავშირს შორის დამყარდა ჯანსაღი ურთიერთობები, რაც მთლიანად დაფუძნებულია სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე.
პროფესიული განათლების პროფკავშირმა 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა სამინისტროს ხელმძღვანელობას კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო პროფესიული განათლების სისტემა და რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ამისათვის სოციალური პარტნიორების მხრიდან. სამინისტრომ გაიზიარა მათი უმრავლესობა და სისტემატიურად მუშაობს მათ განხორციელებაზე.
ბოლო პერიოდში სისტემატურად ტარდება პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომები, რომლის შემადგენლობაში ისევ შეყვანილია პროფესიული განათლების პროფკავშირის ხელმძღვანელი.
სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ბევრს აკეთებენ პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, რაშიც მათ ნაყოფიერად ეხმარებიან პროფესიული კავშირების ექსპერტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს პროფესიული სტანდარტების გადამუშავებისათვის, აგრეთვე მოდულების შემუშავებისათვის.
პროფესიული განათლების პროფკავშირსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმებულია მემორანდუმი.
დენის დავითაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ შეიქმნა ერთობლივი მუშა ჯგუფი, რომელიც სერიოზულად გადაამუშავებდა კანონს “პროფესიული განათლების შესახებ”. ამჟამად საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს კანონპროექტის “პროფესიული განათლების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” განხილვა. დ. დავითაშვილის განცხადებით ის შემუშავებულია მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ, არ იყო შეთანხმებული პროფესიულ კოლეჯებთან, ექსპერტებთან, სოციალურ პარტნიორებთან. კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი მისი მიღების შემთხვევაში პრობლემებს შეუქმნის პროფესიულ კოლეჯებს, ახალგაზრდობას და მათ შეექმნებათ ბარიერები პროფესიული განათლების სურვილის მიღების შემთხვევაში.
დენის დავითაშვილმა აგრეთვე გაუზიარა ბატონ ფილიპ დიმიტროვს, რომ 2012 წელს ყოფილ მინისტრს დ. შაშკინსა და აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შორის დადებული ხელშეკრულებით განათლების სამინისტ¬რომ უსასყიდლოდ გადასცა კახა ბენდუქიძეს 4 საუკეთესო პროფესიული კოლეჯი _ თბილისის “იკაროსი”, ოზურგეთის, თელავისა და გორის, და მიუხედავად იმისა, რომ მათი პედაგოგიური კოლექტივები კატეგორიულად ითხოვენ მათ უკან გადაცემას განათლების სამინისტროს განკარგულებაში, აგრარული უნივერსიტეტი და მისი მესვეურები ვერ ელევიან უკაპიკოდ მითვისებული კოლეჯების კანონიერი მფლობელებისათვის _ სახელმწი¬ფოსათვის უკან დაბრუნებას.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს ღრმა რწმენა, რომ ევროკავშირის, მისი ექსპერტების სისტემატური გვერდით დგომით პროფესიული განათლება, უახლოეს პერიოდში ახლად დაფუძნებულ პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, კიდევ უფრო განვითარდება და განმტკიცდება.
ამის ნათელი მაგალითი იყო 25 ივნისს თბილისში ჩატარებული 17 პროფესიული კოლეჯის სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში დამზადებული პროდუქციის და ნაწარმის გამოფენა, რამაც დაგვარწმუნა იმაში, რომ პროფესიული განათლება იყო, არის და მუდმივად იქნება ერთიანი ევროპული პროფესიული განათლების განუყოფელი ნაწილი.