ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდს ლექსო თორაძე და ანზორ ერქომაიშვილი უხელმძღვანელებს.
6 ივნისს, ფონდი “ქართული გალობის” ოფისში, ფონდის საბჭოს წევრებმა, ანზორ ერქომაიშვილმა და ლექსო თორაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ფონდის წევრებმა ისაუბრეს “ქართული გალობის” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე საზეიმო კონცერტის “ქართული ხალხური სიმღერა – კაცობრიობის საგანძურის” შესახებ, რომელიც ხვალ, 11 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში 19:00 საათზე გაიმართება.
ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. მისი თანადგომით 2006 წელს დააფუძნდა საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასაწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ რეგენტებსა და ლოტბარებს ამზადებს. გაიხსნა სკოლები ოზურგეთსა და სტეფანწმინდაში, ტიხრული მინანქრის სახელოსნო სნოში, სამრევლო სკოლა ლონდონში, აიგო ტაძარი ოზურგეთში. ასევე დაფინანსდა არაერთი კონცერტი და ფესტივალი, გამოიცა არაერთი წიგნი და აუდიო პროდუქცია ტრადიციული მუსიკის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე.
ფონდის საქმიანობით ხელი შეეწყობა ეროვნული იდენტობის გამსაზღვრელ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურის, ტრადიციული სიმღერისა და გალობის განვითარება-პოპულარიზაციას.
ლექსო თორაძე (ფონდი “ქართული გალობის” საბჭოს წევრი): მართლაც რომ ძალიან სასიხარულო მოვლენაა ფონდი “ქართული გალობის” ჩამოყალიბება და ის ზეიმი, რომელიც 11 ივნისს გვექნება რუსთაველის თეატრის სცენაზე. ამ ყველაფერში უზარმაზარია ბატონი ვანო ჩხარტიშვილის როლი, როგორც დამფუძნებელისა და ამ საქმის სულის ჩამდგმელის. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ანზორ ერქომაიშვილის გარეშე ძნელი იქნებოდა ამ ფონდის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მისი მომავლისთვის. დიდი იმედი მაქვს რომ ფონდი “ქართული გალობა,” თავის სიტყვას იტყვის და ძალიან კარგ და საჭირო საქმეს გააკეთებს.
ანზორ ერქომაიშვილი (ფონდი “ქართული გალობის” საბჭოს წევრი): საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძვნდა ფონდი “ქართული გალობა,” რომლის სულისჩამდგმელი და დამფუძვნებელი გახლავთ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. ფონდის მიზანი ძირითადად არის ქართული ხალხური შემოქმედების მხარდაჭერა, ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საგალობლების მოძიება, აღდგენა და პოპულარიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ხალხური სიმღერებისა და საგალობლების აღორძინება. ფონდი გეგმავს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, უცხოელი სპეციალისტების მოზიდვას, ასევე კონფერენციბისა და სიმპოზიუმების ჩატარებას, ძველი ჩანაწერების მოძიებას, მის გასუფთავებას და შემდეგ დისკების სახით გამოცემას. ასევე დაგეგმილი გვაქვს კონცერტების ჩატარება როგორც საქართველოს მაშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფონდი გეგმას ლოტბარების მომზადებას, აღზრდას და მათ დასაქმებაზე ზრუნვას.
11 ივნისს, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში ფონდის ეგიდით პირველი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ყველაზე ღირსეული შემსრულებლები ქართული ხალხური სიმღერებისა. ფონდი კი მათ საზეიმო ვითარებაში საჩუქრებსა და სხვადასხვა ჯილდოებს გადასცემს. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი, რაც კი ჩატარებულა საქართველოში ბოლო წლების განმვალობაში.