პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საბოლოო პოზიცია დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე გამარტებით, ექსპერტების პოზიციაა, რომ აღნიშნული არქივის განადგურება სწორი პოზიცია არ არის, რის გამოც, ამ დღეებში მათთან კონსულტაციები გაიმართება.
"ექსპერტებმა გამოთქვეს დამოუკიდებელი აზრი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ეს არ იყოს სწორი და გამართლებული პოზიცია. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ექსპერტებთან გავმართოთ კონსულტაცია და საბოლოო პოზიციაზე შევჯერდეთ. ეს გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, შესაბამისად, რამდენიმე დღე შეიძლება ამას დასჭირდეს. ძალიან მალე წარმოვადგენთ საბოლოო პოზიციას – დღეს ან ხვალ გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კანონის თანახმად კი, პირის მაკომპრომეტირებელი მასალები დაუყოვნებლივ განადგურებას ექვემდებარება.
კერძოდ, "ოპარატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლში ნათქვამია: - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რის შესახებაც ეცნობება იუსტიციის მინისტრს ან მთავარ პროკურორს, აგრეთვე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს".
ამასთან, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, ლევნა იზორიამ მიმდინარე წლის 20 მაისს გააკეთა განცხადება, რომ შსს-ში არსებული უკანონო ფარული ჩანაწერების არქივი უახლოეს ერთ კვირაში განადგურდებოდა.