ნოდარ ხადურს არაალკოჰოლური სასმელების ელექტრონულ მარკირებაზე ხელი არ მოუწერია

ნოდარ ხადურს არაალკოჰოლური სასმელების ელექტრონულ მარკირებაზე ხელი არ მოუწერია

მინისტრი მეწარმეებთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა დღეს, "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პირველი კითხვა, რომელიც მინისტრს ჟურნალისტებმა დაუსვეს, არაალკოჰოლური სამელების ელექტრონულ მარკირებას შეეხებოდა. წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაალკოჰოლური სასმელების აქციზით დაბეგვრის შესახებ ნოდარ ხადურმა ორჯერ გადადო, მაგრამ ბრძანება შეჩერებულია და ჯერ კიდევ არ გაუქმებულა.

"ასეთი ბრძანება ფინანსთა მინისტრს არც 25 ოქტომბრამდე და არც მას შემდეგ არ გამოუცია, შესაბამისად, მისი გაუქმების საჭიროება არ დგას. თუმცა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვსწავლობთ ამ თემას.

მე რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი, მათ შორის ორჯერ შევხვდი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს. მომავალ კვირაში კიდევ ვაპირებ შევხვდე საწარმოების ხელმძღვანელებს, უკვე ასე ვთქვათ, პრივატულად. ეს მუდმივი პროცესია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მუშაობის განრიგში - მქონდა შეხვედრები როგორც მეწარმეებთან, ასევე შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოსავალს ვიპოვით.

ეს იმისთვის კეთდება, რომ მინიმუმ სამი ამოცანა მაინც შევასრულოთ: პირველი - ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბაზარზე აღურიცხავი საქონლის მოხვედრა და მარკირება. მეორე - ჩვენ არ უნდა შევქმნათ დამატებითი ბარიერები ბიზნესისთვის და მესამე - ეს არ უნდა გახდეს საქონლის გაძვირების საფუძველი.

ჩვენ გადაწყვეტილებებს ხისტად არ ვიღებთ, თქვენ გახსოვთ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ ასე არ ვაპირებთ, ამიტომაც გვაქვს კონსულტაციები ყველა მხარესთან, რათა ოქროს შუალედი ვიპოვოთ." - განაცხადა ნოდარ ხადურმა.