გაუზიარე თაობებს...ფონდი “ქართული გალობა” ხალხური შემოქმედების პუპულარიზაციას ემსახურება

გაუზიარე თაობებს...ფონდი “ქართული გალობა” ხალხური შემოქმედების პუპულარიზაციას ემსახურება

ხვალ, 6 ივნისს, ფონდი „ქართული გალობის“ ოფისში (ქ. თბილისი, გერგეთის N3) ფონდის საბჭოს წევრები ანზორ ერქომაიშვილი და ლექსო თორაძე გამართავენ პრესკონფერენციას და მოწვეულ ჟურნალისტებს გააცნობენნ ფონდის შესახებ ინფორმაციას, მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებს.

ფონდის წარმომადგენლები ასევე ისაუბრებენ საზეიმო კონცერტის „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური“ შესახებ, რომელიც გაიმართება 11 ივნისს, რუსთაველის თეატრში, 19:00 საათზე.

მნიშვნელოვანია, რომ საზეიმო კონცერტში, რომელიც ფონდის პირველი ღონისძიებაა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები მიიღებენ მონაწილეობას. ფონდი „ქართული გალობა“ ღვაწლმოსილ ადამიანებს საპატიო ჯილდოებსა და ფულად პრემიებს გადასცემს.

„ფონდის საქმიანობით ხელს შევუწყობთ ჩვენი ეროვნული იდენტობის განმსაზვრელი და ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - ტრადიციული სიმღერისა და გალობის განვითარება–პოპულარიზაციას. ეს იუნესკომ 2001 წელს კაცობრიობის ზეპირსიტყვიერებისა და ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად აღიარა,“ - მიაჩნიათ ფონდის საბჭოს წევრებს.

ფონდის მიზანია ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და ტრადიციული ქართული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაცია. ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევა, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება-აღდგენა, შესაბამისი აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების გამოცემა.

ფონდი ხელს შეუწყობს ტრადიციული მუსიკის შესწავლას, სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით და ნაშრომთა გამოცემას, კონფერენციების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების გამართვას. დიდი ყურადღება დაეთმობა ტრადიციული მუსიკის სწავლებას, ლოტბართა და რეგენტთა დასაქმებისათვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით სამრევლო სკოლებისა და გალობის ცენტრების შექმნას საზღვარგარეთის ქართულ ეკლესიებთან.ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის პოპულარიზაციისათვის ფონდი საქართველოსა და უცხოეთში კონცერტების, საღამოებისა და ფესტივალების ორგანიზებას შეუწყობს ხელს. ასევე მართლმადიდებელი სამყაროს ტრადიციული გალობის და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალებში ქართული გუნდების მონაწილეობას და ანალოგიური ფესტივალების გამართვას საქართველოში.ფონდის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება რეგიონებში ტრადიციული მუსიკის აღორძინებისათვის ხელშეწყობა. ფონდი ითანამშრომლებს ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან და პირთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. მისი თანადგომით 2006 წელს დაფუძნდა საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ რეგენტებსა და ლოტბარებს ამზადებს. გაიხსნა სკოლები ოზურგეთსა და სტეფანწმინდაში, ტიხრული მინანქრის სახელოსნო სნოში, სამრევლო სკოლა ლონდონში, აიგო ტაძარი ოზურგეთში. ასევე დაფინანსდა არაერთი კონცერტი და ფესტივალი, გამოიცა არაერთი წიგნი და აუდიო პროდუქცია ტრადიციული მუსიკის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე.

ფონდის საბჭოს წევრები არიან ლექსო თორაძე და ანზორ ერქომაიშვილი,ფონდის საპატიო პრეზიდენტი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II. ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ნანა გოთუა. ფონდის პროგრამების ხელმძღვანელები გიორგი დონაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი.