საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი Financial Times-ის რედაქტორის პასუხობს და მისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ „საქართველო თანახმაა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ზედმიწევნით გაკონტროლდეს, რათა აღიკვეთოს და აღარასოდეს განმეორდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა“.
ბატონო რედაქტორო!
საქართველოს მართლაც სჭირდება კანონის უზენაესობის განმტკიცება. გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა ახალ ხელისუფლებას იმ იმედით, რომ წერტილი დაესმებოდა ქვეყანაში „შიშის ატმოსფეროს“, როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციები უწოდებდნენ, უზრუნველყოფდა კანონის უზენაესობას და აღკვეთდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წარსულში არსებულ პრაქტიკას.
თქვენს სარედაქციო წერილში („სასამართლო პროცესები თბილისში“, 24 მაისი) ნათქვამია, რომ ის ძალისხმევა, რომელსაც ხელისუფლება ახმარს დამნაშავეთა სამართალში მიცემას, ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიას და, შესაბამისად, ევროინტეგრაციას. თქვენს წერილში უსამართლოდაა აღწერილი ამჟამად არსებული ვითარება, მაშინ, როცა არაფერია ნათქვამი წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ სისტემატურ პოლიტიკურ დევნაზე, იმაზე, რომ წინა ხელისუფლება აპატიმრებდა (და აწამებდა კიდეც) პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, ათავისუფლებდა მათ სამსახურიდან და ართმევდა საკუთრებას, არამიზნობრივად ხარჯავდა მილიონობით ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ თანხებს იყენებდა ოქტომბრის არჩევნებზე ზეგავლენის მოსაპოვებლად. სწორედ ეს უკანასკნელი მოქმედება ედება ბრალად ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს.
ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება აგრეთვე ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანიის კუთვნილი ძვირადღირებული აგარაკის მითვისება.
თქვენს სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ გამოძიების ძირითადი სამიზნე სააკაშვილთან დაახლოებული პირები არიან, და არ არის გათვალისწინებული ის, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში ეს იყო ერთპარტიული სახელმწიფო, ძალაუფლება მხოლოდ მათ ხელში იყო, ყველა თანამდებობა მათ ეკავათ და მხოლოდ მათ ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშუალება.
ჩვენი კოალიცია –,,ქართული ოცნება“ კანონის უზენაესობის ერთგულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუსჯელობით ვერავინ ისარგებლებს. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბრალი წაუყენეს პირადი საიდუმლოს ხელყოფის გამო; ჩვენმა ხელისუფლებამ აღკვეთა და საქვეყნოდ დაგმო უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, რომელმაც თავი იჩინა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისა და ზოგიერთი სასულიერო პირის მოქმედებაში. ჩვენთვის კვლავ გამოწვევად რჩება სააკაშვილის რეჟიმის პირობებში დაგროვებული და გამოუძიებელი დანაშაულობანი.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად აგვირჩიეს ჩვენ, აგვირჩიეს იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართალი აღვადგინოთ და წერტილი დავუსვათ პოლიტიკური ლიდერების დაუსჯელობას. უმცა, შეუძლებელია დასაჯო ყველა, ათასობით სავარაუდო დამნაშავე. ასე შეიძლება ქვეყანა ქაოსმა მოიცვას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შემოვიფარგლეთ მხოლოდ იმ ყველაზე მძიმე საქმეების გამოძიებით, რომლებიც ეხება ძალადობას, მკვლელობას, წამებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დიდი ოდენობით მითვისებას. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ იმ პირებს მოვთხოვთ პასუხს, რომლებმაც შექმნეს და განამტკიცეს დანაშაულებრივი სისტემა, რომელმაც დაუშვა ის, რომ დანაშაულისათვის თავად არ აგებდნენ პასუხს. ჩვენ არ ვაპირებთ ქვედა ეშელონის მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რადგან ისინი გახდნენ მათი ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სისტემის მსხვერპლი.
ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, თუკი არსებობს სასამართლო დევნისათვის საკმარისი სამხილი. თუ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, ეჭვქვეშ დადგება კანონის უზენაესობის დამკვიდრება. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კანონის უზენაესობის დამკვიდრების იმედი და ფიქრობენ, რომ სწორედ ეს დააჩქარებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ხელს შეუწყობს ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში რეფორმების გატარებას. ამიტომაც მივესალმებით იმას, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩათვლით, ზედმიწევნით გააკონტროლონ ეს პროცესები, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური ზეწოლის ნებისმიერი შესაძლებლობა სასამართლო პროცესებზე.
თინათინ ხიდაშელი
საქართველოს პარლამენტის წევრი
„ქართული ოცნება - რესპუბლიკური პარტია“