ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟოელ მილკეს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ.
ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომსა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან. შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოებით აღებული ვალდებულებების შესრულება და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ევროპელ კოლეგებს ასევე აცნობა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, 6-7 ივნისს იგეგმება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ - სამართალდამცავი უწყებების როლი", რომელზეც მოწვეულნი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს გენერალური მდივნის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან: პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში დირკ ბრენგელმანთან, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში ჰუსეინ დირიოზთან, უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში გაბორ იკლოდთან. შეხვედრების დროს განხილული იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და ამ პროცესში შსს-ს როლი. მინისტრმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით პრიორიტეტულ საკითხებზე.