„Touch Georgia!” („შეეხე საქართველოს!“) - ამ სახელწოდების კულტურული პროექტი, რომელიც თიბისი არტ-გალერეის ეგიდით გაიმართა, თიბისი ბანკი პირველად წარსდგა უცხოელი პარტნიორების წინაშე. პრეზენტაცია თიბისი ბანკის ერთ-ერთი აქციონერის, გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG) საგამოფენო სივრცეში გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო წამყვანი უცხოური საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების და ზოგადად, გერმანელი საზოგადოებისათვის ქართული კულტურის წარდგენა. გარდა ამისა, ამ პრეზენტაციით საფუძველი ჩაეყარა თიბისი ბანკისა და DEG-ის ორმხრივ კულტურულ ურთიერთობებს, რომლის ფარგლებშიც DEG-ი გეგმავს თბილისში, თიბისი არტ გალერეაში გერმანული კულტურის წარდგენას.
DEG-ის საგამოფენო სივრცეში შედგა ქართული კულტურის - თანამედროვე მხატვრობისა და ტიხრული მინანქრის გამოფენა, რომელსაც თან ახლდა ქართული ნაციონალური ატრიბუტიკა: ქართული ეთნო-მუსიკა, ნაციონალური კოსტიუმები, ქართული ღვინო „შატო მუხრანისგან“ და ფოკის მონასტრის მიერ წარმოებული ქართული ყველი...
80-იანი წლების ქართველი მხატვრები ზურაბ ნიჟარაძე, მამია მალაზონია, გია გუგუშვილი, სანდრო დალაქიშვილი, ირაკლი სუთიძე, ნინო ფხალაძე ... თანამედროვე არტისტები: თუთუ კილაძე, დუსელდორფის ხელოვნების აკადემიის სტუდენტები, გურამ შავდია და მარიამ ოდიშელიძე - ეს ის მხატვრები არიან, რომელთა ნამუშევრებსაც DEG-ის საგამოფენო სივრცე მასპინძლობდა. აქვე იყო წარმოდგენილი გალერეა „ორნამენტის“ მიერ შესრულებული ტიხრული მინანქრის ნამუშევრები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, DEG-ის ხელმძღვანელები, თიბისი ბანკის აქციონერები და დამფუძნებლები.
გაწეული დახმარებისათვის, თიბისი ბანკი მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს გერმანიაში.