ინტერნეტგამოცემა "Eurasianet"-ი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს. ჯოშუა კუცერას სტატიის თანახმად , ივანიშვილის მთავრობა საქართველოში სწორედ ისეთ რეფორმებს ატარებს, რომლებიც ალიანსში საქართველოსთვის ადგილს უზრუნველყოფს.
"როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოპოვებას აპირებს, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მან, მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, გეოპოლიტიკური ოცნების სფეროში გადაინაცვლა. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს სრულუფლებიანი წევრობისაკენ მიმავალ გზაზე მტკიცედ დააყენებდა, ყოველთვის იყო სააკაშვილის "წმინდა გრაალი", თუმცა ეს მიზანი, უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო შორეულ პერსპექტივად იქცა", -ნათქვამია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, ანალიტიკოსის კავკასიის საკითხებში - მაიკლ სესირეს აზრით, ივანიშვილის ხელისუფლება სწორედ ისეთ რეფორმებს ატარებს, რომლებიც ალიანსში საქართველოს ადგილს უზრუნველყოფს. გამოცემაში The National Interest გამოქვეყნებულ სტატიაში ის აღნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროზე გაღებული თანხების დიდი ოდენობის, ავღანეთის ომში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და გასულ წელს ჩატარებული წარმატებული არჩევნების წყალობით, საქართველო ძლიერ კანდიდატად გვევლინება. თუმცა, რა საკვირველია, ალიანსში საქართველოს გაწევრინების საქმეში ყველაზე სუსტი წერტილი, ყოველთვის პოლიტიკური ასპექტი იყო, რაც რუსეთთან ურთიერთობებში სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ანალიტიკოსის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ პრობლემის დასარეგულირებლადაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
"ახალმა ხელისუფლებამ გამოთქვა მზაობა რუსეთთან ურთიერთობების გადახალისებისთვის და კიდევ ერთი ომის შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პოზიციის განსამტკიცებლად, შეიარაღებული ძალების რეფორმის პროგრამა წამოიწყო. ახალმა ხელისუფლებამვე აღიარა რა, რომ მოსკოვთან მიმართებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ აღებულმა აგრესიულმა რიტორიკამ, თბილისს, ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების კუთხით ვერავითარი სარგებელი ვერ მოუტანა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს რუსეთთან კავშირების ნორმალიზაციისთვის", - წერს ანალიტიკოსი.
გამოცემის მიხედვით, სესირე იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამად, ირაკლი ალასანიას მიერ თავდაცვის სამინისტროში გატარებულ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებს ნაკლებად აშუქებენ.
"ალიანსისა და დასავლელი ოფიციალური პირებისათვის განსაკუთრებით თვალშისაცემია დემოკრატიული პრაქტიკის გავრცელებაზე გამიზნული ძალისხმევა. თავდაცვის სამინისტროში ალასანიამ გამჭვირვალობაზე მომუშავე ჯგუფი შექმნა და ამ საქმეში, ორგანიზაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", შუალედური ანგარიშის მოსამზადებლად ჩართო. გაემიჯნა რა უწინ არსებულ პრაქტიკას, ალასანია აცხადებს, რომ ოდესღაც ბუნდოვანი ზღურბლი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ახლა უფრო მკაფიოა და ასევე მკაცრადაა დაცული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
სამინისტრომ გადადგა არატრადიციული ნაბიჯი და შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა სამინისტროზე პარლამენტის ზედამხედველობის გაზრდა", - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის მიხედვით, კიდევ ერთი უწყება, რომელსაც საზღვარგარეთ თვალყურს გაფაციცებით ადევნებენ, იუსტიციის სამინისტროა და ეს უწყება ასევე მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს.
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა განსაკუთრებით აღნიშნა ასეთი ინიციატივები და განაცხადა კიდეც, რომ ახალი ხელისუფლება, წინამორბედებთან შედარებით, "გარკვეულწილად უფრო მიზანმიმართულად მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ", - მიიჩნევს ექსპერტი.
"იქნება თუ არა ეს საკმარისი საქართველოსთვის, ალიანსში გაწევრიანების გზაზე მდგარი დაბრკოლებების გადასალახად, თანაც მომდევნო 18 თვის განმავლობაში?! რასაკვირველია, ეს არავინ იცის. თუმცა, ალბათ, უპრიანია, სერიოზულად განვიხილოთ მოსაზრება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უფრო შესაფერისი ძალაა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვიდრე მისი წინამორბედი", - ნათქვამია სტატიაში.