თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ დავის საგანი – 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემის შესახებ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია საბანკო საიდუმლოებად მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბანკო საიდუმლოების მიმართ ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას, რომლის თანახმადაც, 1992–93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500–ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემა, რამდენად მართლზომიერად მოხდა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებზე გაიცა თანხა, რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. ეროვნული ბანკისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წერილობით მიუთითა, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ახალგაზრდა ფინანსისტების“ ინტერესების დაცვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვალს მიმართეს. ეროვნულმა ბანკმა არ ცნო სარჩელი, მიუთითა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, იგი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ბაზაში და დაკავშირებულია პირის ფინანსებთან, რომლის ხელმისაწვდომობასაც განსაზღვრავს კონსტიტუცია. ასეთი პოზიციის მიუხედავად, სასამართლო სხდომებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერესების დამცველმა, მანანა ღუბიანურმა დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 1990–იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ პასუხისმგებელია, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებს საბჭოთა ანაბრების გაუფასურების ფაქტთან დაკავშირებით. მხარის შეფასებით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერც გაცემული კრედიტების მიზნობრივ ათვისებაზე აიღებს, თუმცა ცალსახად იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ კრედიტების გაცემის სქემა იყო არასწორი. ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნილ ინფორმაციას საბანკო საიდუმლოება უწოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოტივირებულია იმ რისკებით, რომელიც შეიძლება ინფორმაციის ღიაობის შემთხვევაში წარმოჩენილიყო. სასამართლომ არ გაიზიარა ის სინამდვილე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მოთხოვნილ ინფორმაციას იმ ანალიტიკური კვლევისთვის, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემის შესახებ, „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ახალგაზრდა ფინანსისტებთან“ ერთად ივნისში წარმოადგენენ. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კვლევის ფარგლებში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტიდან მიიღეს. ამასთან, გაცემული სესხების რაოდენობის, კომპანიებისა და მათი მეპატრონეების შესახებ ორგანიზაციამ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო კერძო კომპეტენტური პირებისგან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ორგანიზაციის ის მოსაზრებაც, რომ კვლევაში მიღებლი ინფორმაცია იდენტიფიცირების გარეშე გაშუქდებოდა.
კითხვაზე: გაცემული ინფორმაციით, დაარღვია თუ არა საქართველოს პარლამენტმა კანონი, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოს უპასუხა, რომ ინფორმაციის დახურვით, კანონი არ დაურღვევია საქართველოს ეროვნულ ბანკს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დასაბუთებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევასთან ერთად, ევროკონვენციის მე–10 მუხლის დარღვევა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კანონის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ,“ რომლის თანახმადაც, დადგენილია საიდუმლოების შემცვლელი ინფორმაციის ხანდაზმულობის ვადები – განსაკუთრებული მნიშვნელობის – 20 წლით, სრულიად საიდუმლო – 10 წლით და საიდუმლო – 5 წლით. ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ ორგანიზაციები, რომლებზედაც ეროვნულმა ბანკმა 90–იან წლებში სესხი გასცა, დღეს არ საქმიანობენ. ამასთან, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტიც. ამიტომაც, მისი გამჟღავნება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა პირთა ასეთი კერძო კომპანიების კონკურენტუნარიანობას.
საქართელოს ეროვნულმა ბანკმა, სასამართლო ეტაპზე მიუთითა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესით სარგებლობს, თუმცა ბანკის კანონიერი წარმომადგენლის პოზიციით, საჯარო ინტერესის საგანია, როგორ უნდა გაიცეს ანაბრები და არა ის, თუ ვის გამო მოხდა დაგროვილი თანხის გაუფასურება.
შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ახალგაზრდა ფინანსისტები“ საბჭოთა ანაბრების გაუფასურების სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგების კვლევას ანხორციელებენ, რომელიც საზოგადოებისთვის ივნისში გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოთხოვნილი ინფორმაციაც კვლევის მიზნებიდან გახდა საჭირო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ გადაწყვეტილებით, თბილსის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით აღარ გასაჩივრდება, რადგანაც ორგანიზაციის მიზანს ორი ამოცანა წარმოადგენდა – რა პოზიციას დაიჭერდა სასამართლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემის მიმართ და რა საპასუხისმგებლო პოზიციას დაიჭერდა საქართველოს ეროვნული ბანკი 1990–იანი წლების მოვლენებიდან, 20 წლის შემდეგ. სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უარი განპირობებულია იმით, რომ ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაცია უკვე გააჩნია.