საქართველოს მთავრობის დადგენილებებით (2010წ 31 დეკემბრის დადგენილებები #429, #426) სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესი და პირობები იცვლება. ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება, რომლის მიხედვითაც, იმპორტის ნებართვის აღება ბევრ ისეთ პროდუქტს დასჭირდება, რომელიც ასეთი ნებართვის გარეშე შემოდიოდა ქვეყანაში.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნებართვა გაიცემა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია პასუხისმგებელია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაზე მსოფლიოში, ასევე, სანიტარულ უსაფრთხოებაზე და მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხზე. აღნიშნულ ორგანიზაციაში გაერთიანებულია მსოფლიოს 178 ქვეყანა, მათ შორის 1996 წლიდან - საქართველოც. წევრი ქვეყნები ვალდებული არიან OIE –ს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში დაფიქსირებული ცხოველთა გადამდები დაავადებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია OIE–ს ნუსხით. ამ ინფორმაციის საფუძველზე რეგულირდება საერთაშორისო ვაჭრობისას თითოეული დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი შეზღუდვები.
OIE –ს ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განახლდა საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვებს გასცემს როგორც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახური.
დადგენილების ტექსტი და ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ნუსხა იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.nfa.gov.ge