საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირისა და ნატოს უმაღლეს წარმომადგენლებთან.
კერძოდ, შეხვედრები გაიმართება: საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან, ბელგიის შს მინისტრ ჟოელ მილკესთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ელექსანდრ ვერშბოუსთან და გენერალური მდივნის თანაშემწეებთან: დირკ ბრენგელმანთან, გაბორ იკლოდთან და ჰუსეინ დირიოზთან.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება საჯარო შეხვედრა-დისკუსია არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შეხვედრის განხილვის თემა იქნება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და განხორციელებული რეფორმები.