შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობაში ბრალდებული სერგო მ. და მისი თანამზრახველი ილია ქ. ცხელ კვალზე დააკავეს.
სერგო მ. 2013 წლის 27 მაისს, საღამოს 9 საათზე, თამარ მეფის გამზირზე, საქართველოს ბანკის „ექსპრეს ცენტრი“-ს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით დიდი თანხა – 11 757 ლარი, 3 740 ევრო და 13 958 აშშ დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სერგო მ. მომხდარიდან 3 საათში თბილისში, საარ-ბრიუკენის მოედანზე, რესტორან „ტიფლისში“ დააკავეს.
ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ნაყაჩაღარი სრული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მომხდარ დანაშაულში ბრალდებულის თანამზრახველი იყო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ილია ქ. თაბუკაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათში დააკავეს.
ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც 8–დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილება აწარმოებს.