სურსათის ეროვნული სააგენტო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში დაავადება ჯილეხის საწინააღმდეგოდ 4000 სული შინაური ცხოველის იძულებით ვაქცინაციას ატარებს.
აღნიშნულ სოფელში დაფიქსირდა საქონლის ჯილეხით დაავადების 1 შემთხვევა, რომლითაც 8 ადამიანი დაინფიცირდა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის მეპატრონემ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლა უკვე დაცემული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომლის ნაწილიც მიირთვეს ოჯახში, ნაწილი - გაყიდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი ამოიღეს 30 ოჯახიდან და შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს. გარდა ამისა, ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით, ადგილობრივი თვთმმართველობის ორგანოებთან ერთად მოეწყო სპეციალური სამარხი - სარკოფაგი, რომელიც იზოლირდება, რათა არ მოხდეს კერის გააქტიურება. დაავადების კერაში 3 კილომეტრის რადიუსით შეიქმნა ბუფერული ზონა, სადაც მიმდინარეობს შინაური ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია. ამ ეტაპისთვის აცრილია 1800 შინაური ცხოველი. დაწესდება 15-დღიანი კარანტინი, რის საფუძველზეც აიკრძალება ცოცხალი ცხოველების გადაადგილება და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობა. დაწესდა მკაცრი ვეტერინარული ზედამხედველობა აცრილ ცხოველებზე.
ჯილეხი მწვავედ მიმდინარე, ადამიანისა და ცხოველის საერთო ინფექციური დაავადებაა. ჯილეხის სპორა ნიადაგში წლების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. ამიტომაც, ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით, დაუშვებელია დაავადებული საქონლის დაკვლა და რეალიზება. ასევე, დაუშვებელია საქონლის დაკვლა ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე. დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში იქმნება ბუფერული ზონა, სადაც ტარდება იძულებითი ვაქცინაცია.