26 მაისთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოფენა მოაწყო.
რუსთაველის გამზირზე, „იმელი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-მ 13 დასახელების, მათ შორის, საბრძოლო დანიშნულების მანქანა გამოიყვანა. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო შსს-ს მყვინთავების, მეხანძრეებისა და ქიმიკოსებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანის გასართობ პარკში ბავშვებისთვის მოაწყო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად ამ დღისთვის, პარკის გარკვეულ ტერიტორიაზე მოეწყო იმიტირებული სამანქანო გზა საგზაო ნიშნებით, სადაც ბავშვებს საშუალება ქონდათ, ემოძრავათ კვადროციკლებით და აეთვისათ საგზაო მოძრაობის წესები. სწორად მოძრაობაში მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ. გლდანის პარკის გარე პერიმეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა განთავსდა, ხოლო ვარკეთილის პარკში, პოლიციის განყოფილების ავტოსადგომის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა, მათ შორის, ჯავშანმანქანა „კობრა".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა: თბილისი, მცხეთა, დუშეთი, გორი, რუსთავი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, სიღნაღი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, მესტია, ცაგერი, ამბროლაური.