პრეზიდენტმა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა დაამტკიცა

პრეზიდენტმა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა დაამტკიცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა დაამტკიცა .

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ემბლემა არის მრგვალი ჰერალდიკური ფარი შავი არშიით. ფარის ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი ბუ - სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის, ინტუიციისა და ინტელექტის სიმბოლო. ფარის ზედა ნაწილზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი (ოქროსფერი), ფარის ქვედა ნაწილზე კი - ოქროსფერი ისარი - საბრძოლო მხარდაჭერის სიმბოლო და ოქროსფერი გასაღები - დახურულის გახსნისა და საიდუმლოს ამოხსნის სიმბოლო. ფარს ორი ოქროსფერი ქობა შემოუყვება, რომლის შავ ველზე გამოსახულია ოქროსფერი წარწერები: `საქართველო" და "სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი~. წარწერები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ოქროსფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავით.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემის გამოყენების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს.

პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.