ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შემდგომი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
კომიტეტის სხდომას, რომელიც 23-24 მაისს ტალინში ჩატარდა, საქართველოს მხრიდან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრები - ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი ესწრებოდნენ.
მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საკითხს დაეთმო. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მონაწილოება მიიღეს კომიტეტის მომხსენებლებლებმა საქართველოსა და რუსეთზე ბორის სილევიჩმა და ანდრეს გროსმა. გარდა ამისა, თემაზე "ჯეიმს თაუნის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ სოკორი და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების დირექტორი სვანტე კორნელი სიტყვით გამოვიდნენ. საუბარი შეეხო პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს როლს ამ სივრცეში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს.
სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო მომხსენებელთა ზეპირი ინფორმაცია, რომელიც კომიტეტს საქართველოსა და რუსეთში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრებმა მიაწოდეს.
დელეგაციის შემადგენლობაში, მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეს ჰერკელი, მომხსენებლები საქართველოზე - ბორის სილევიჩი და მაიკლ იენსენი, მომხსენებელი რუსეთზე - ანდრეს გროსი იყვნენ.
დელეგაციის წევრების ინფორმაციით, პროგრამის მიხედვით დელეგაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოხუმსა და ცხინვალში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ასამბლეის წევრებთან შეხვედრებზე ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი უთხრეს. შესაბამისად, ძირითადი შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში გაიმართა.
დელეგაცია საქართველოსა და რუსეთში 12-18 მაისს იმყოფებოდა.