საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების წინადადებით მიმართა.
ამ ინიციატივის საჭიროება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრისა და 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნების პროცესში გამოვლენილმა საკანონმდებლო ხარვეზებმა და საჩივრებზე რეაგირების პროცესში საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების თაობაზე დანერგილმა სასამართლო პრაქტიკამ გამოიწვია.
წინადადებები ეხება შემდეგ საკითხებს:
1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის წესების დაზუსტება
- საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილოების წესის დაზუსტების გზით განისაზღვრა, რომ მათი ყოფნა უბანში ან უბნის სიახლოვეს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას გარდა, ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა:
-როდესაც ისინის ახდენენ აქტიურ საარჩევნო უფლების რეალიზაციას;
-არიან გამოძახებულნი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ;
-მათი ყოფნა დაკავშირებულია მათ მიერ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების უშუალო და გადაუდებელ აუცილებლობასთან.
- წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის განსაზღვრის ტერმინის დაზუსტება - წინასაარჩევნო შეკრებებსა და ღონისძიებებზე პასიური დასწრება იმ პირთა მიერ ვისაც საარჩევნო კოდექსით აკრძალული აქვს აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება დამატებით ჩაითვლება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობად.
2. საარჩევნო კომისიების წევრთა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა
-ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული/დანიშნული წევრებისათვის პარტიული საქმიანობის აკრძალვა უფლებამოსილების მთელი პერიოდის განმავლობაში;
-ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიის დანიშნული წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარტიების მიერ მათი გამოწვევის აკრძალვა;
- ყველა დონის საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 წლით საარჩევნო კომისიებში წევრებად არჩევის შეზღუდვა;
- საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და პარტიების მიერ დანიშნული წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ნორმების დაზუსტება, რაც გულისხმობს, რომ მათზე გავრცელდება მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე და 79-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რაც მისცემს საშუალებას ცესკოს მათ მიმართ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გამოიყენოს სათანადო ზომები.
- ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადის 5 წლიდან 7 წლამდე გაზრდა.
3. კენჭისყრის პროცედურების დაზუსტება და გამარტივება
- მარკირების პროცედურების გაუქმება;
- ბეჭდებზე ნაკვეთურების გაკეთების გაუქმება;
- საარჩევნო კაბინებზე ფარდების მოხსნის რეგულაცია;
- ჩანაწერთა წიგნის წარმოების წესის დაზუსტება;
- საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების არჩევის წესის ახლებურად განსაზღვრა, რაც გულისხმობს საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების იმდაგვარი წესით არჩევას, როგორც აირჩევა თავმჯდომარე და მოადგილე.
- საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების გამოწვევისა და შეცვლის წესის დაზუსტება, რაც გულისხმობს საარჩევნო სუბიექტის უფლებას ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი
- გასაჩივრების მექანიზმების ორმაგი სტანდარტების აღმოფხვრა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების თაობაზე OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის საბოლო რეკომენდაციის შესაბამისად.
4. ამომრჩეველთა სიების შედგენის ახალი წესი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის
-2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ფუნქციების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გადაცემა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.
პროექტის დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე:
http://cesko.ge/files/2013/proeqti.pdf