საქართველოს კანონის უფრო მტკიცე უზენაესობა სჭირდება და არა - პოლიტიკური რევანში – ამ სათაურით სტატიას გამოცემა Financial Times აქვეყნებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის , ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართული დემოკრატია ქვეყნის მილიარდერი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობისას კიდევ უფრო მყიფედ გამოიყურება.
"გასული წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილის დაუძინებელი მეტოქის, "ვარდების რევოლუციის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ათობით ადამიანი დააკავეს. ამ კვირაში კი სააკაშვილის მოკავშირე და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ოქტომბრამდე რჩება, პარალელებს ავლებს უკრაინასთან, სადაც პოლიტიკური მოტივით ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო ციხეში მოათავსეს", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ივანიშვილის მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის მზერა მისკენ არის მიმართული. თუმცა, ჯერაც არსებობს იმედი, რომ საქართველო არ გადაუხვევს დემოკრატიის გზას.
"საააკაშვილის მთავრობამ ბევრი ძირეული რეფორმა გაატარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მყარი მხარდაჭერით სარგებლობდა, რევოლუციურ ტალღაზე მყოფი, მისი მთავრობა ზედმეტად მაღლა აყენებდა საკუთარ თავს კანონზე, ზედმეტად უსწორდებოდა პოლიტიკურ პარტიებს და ზედმეტად ნიშნავდა ხალხს თანამდებობებზე ნაცნობობით", - ნათქვამია სტატიაში.
Financial Times-ის მიერ გავრცელებულ მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ, ბევრი ქართველის განცხადებით, მათი ქონება ყოფილი მთავრობის წევრებმა მიიტაცეს. ივანიშვილის გასაოცარ გამარჯვებაში კი მთავარი ფაქტორი ხალხის სურვილი ყო, რომლებიც მაღალჩინოსანთა გასამართლებას მოითხოვდნენ.
"ახლა ის ამ ვალდებულებების შესრულების წნეხისქვეშაა. თუმცა, კანონის უზენაესობის განმტკიცება არ უნდა იყოს რევანშის საფარი. სამართლიანობა არ უნდა იყოს შერჩევითი. მაშინ, როცა ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე კანონისდარღვევისთვის გაასამართლეს, ძირითადი სამიზნეები სააკაშვილის გარემოცვის წევრები არიან", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ყველა საქმე, რომლებიც ივანიშვილის პარტიის მიერ კამპანიის დაფინანსებისას დაშვებულ დარღვევებს ეხება, ასევე მიმდინარე წლის თებერვალში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას მის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმაც. მერაბიშვილის სასამართლო კი საერთაშორისო ნორმებით უნდა წარიმართოს.
"ამ კვირაში ევროკავშირმა სწორად შენიშნა, რომ სამართლიანობის აღსრულება უმაღლესი სტანდარტებით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისს ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ მისი ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციის ამბიცია, რასაც ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს, იმავე დაბრკოლებებს დაუპირისპირდება, რასაც უკრაინაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი", - ნათქვამია Financial Times-ის სტატიაში.