„მინდა ვიარო, მინდა ვირბინო,მინდა ვხატო...“ - აუსრულეთ დაავადებულ პატარებს სურვილები!
25 მაისს, 12:00 საათზე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური მხარდამჭერი აქცია მოეწყობა. ცნობილია, რომ მაისი საზოგადოებაში ართრიტის ცნობადობის ამაღლების თვედ არის გამოცხადებული და აღნიშნული აქტივობა, სწორედ, ამ მოვლენას ეძღვნება.
აქციის ინიციატორია „იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი“, რომელიც უკვე ორი წელია დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაცია და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდი, აქციას ასევე დაესწრებიან დარგის სპეციალისიტები, ჟურნალისტები, ცნობადი სახეები და მოწვეული სხვა სტუმრები, რომლებიც თანადგომას უცხადებენ პატარებს.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: პირველ ეტაპზე იუვენული ართრიტით დაავადებულ ბავშვებთან ერთად მოწვეული სტუმრები კუს ტბას სიმბოლურად ფეხით შემოუვლიან, შემდეგ სტადიონზე პატარები რამდენიმე ნაწილად გაიყოფიან და ცნობად საახეებთან და თანატოლებთან ერთად ითამაშებენ კლასობანას, რეზინობანას, წრეში ბურთს და სხვა ყველასათვის საყვარელ თამაშებს, სხვადასხვა ფერის ცარცებით მოხატავენ ასფალტს.
დასასრულს ისინი გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სურვილებით სავსე საჰაერო ბუშტებს ცაში ააფრენენ!
ამ დღეს იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვები სურვილებს აისრულებენ: დახატავენ, ირბენენ, იცეკვებენ და გაერთობიან თანატოლებთან და მათთვის საყვარელ ცნობილ ადამიანებთან ერთად.
ღონისძიების მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რაც დაავადებულ პატარებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დღესდღეობით, რევმატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყევლაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. მსგავსი პროგრესი არ ყოფილა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. თუმცა დაავადების სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ საგანგაშოა. იუვენილური ართრიტი 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, სამწუხაროდ, კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია. იუვენილური ართრიტით ყოველი 100000 ბავშვიდან დაახლოებით 100 ავადდება, ბავშვების დიდ ნაწილს უვითარდება ქრონკული პერსისტული ართრიტი, აღენიშნება მნიშვნელოვანი შრომისუუნარობა და ინვალიდობა. პაციენტთა ნახევარზე მეტი, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისას, 5-10 წლის განმავლობაში III-IV ჯგუფის ინვალიდი ხდება.
„იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების მშობელთა კავშირი“ დაარსდა 2011 წლის 3 ოქტომბერს. კავშირის ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში, სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებაში დაავადებულ ბავშვთა სრულფასოვანი ინტეგრირების ხელშეწყობა, პერმანენტული ურთიერთობა პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაცისთან, ფარმაცევტული კომპანეიბის წარმომადგენლებთან დას ხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავდების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.
საკონტაქტო პირი: თინათინ სამყურაშვილი 555 65 67 05, 2995452