ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როგორც კომისიის თავმჯდომარე წერილში აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი თავს არიდებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ ხარატიშვილმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა და მედია წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის ღია წერილს:
”ბატონებო,
მოგმართავთ, რათა უზრუნველყოთ კანონის მოთხოვნათა შესრულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ.
2013 წლის 27 აპრილს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ბაღდათის №52 საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა საჩივარი, სადაც მომჩივანი ითხოვს პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს უფროსის, გელა მშვილდაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე მუხლის შესაბამისად.
ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, საქმის დეტალურად შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ბატონი მშვილდაძე არაერთხელ იქნა დაბარებული საოლქო საარჩევნო კომისიაში ახსნა-განმარტების მისაცემად. სამწუხაროდ, აღნიშნული პიროვნება თავს არიდებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას. ამგვარ ვითარებაში საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას დახმარებისათვის, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხება პოლიციის სამმართველოს უფროსს, მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს წერილობით და საჯაროდაც, რაზედაც პასუხი არ მიგვიღია. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ ეს არ იყო პოლიციის მხრიდან საარჩევნო პროცესის მიმართ არასწორი დამოკიდებულების ერთადერთი შემთხვევა 27 აპრილის შუალედური არჩევნების პერიოდში.
აღნიშნული საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა 27 მაისს იწურება”.
პატივისცემით,
ზურაბ ხარატიშვილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე