ხუთშაბათს, 23 მაისს, 12:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელისა“ (R-CSN) და საერთაშორისო დონორი რგანიზაციების პირველი არაფორმალური კონფერენცია, რომელსაც ორგანიზაცებას უწევს სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“.
ღონისძიების მიზანია ქსელის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დონორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ერთობლივი, არაფორმალური დისკუსიის გამართვა სხვადასხვა
აქტუალურ საკითხზე და მასში 45-მდე ორგანიზაციის (30 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია) წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მსგავსი ფორმატის საშუალებით მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ისაუბრონ არაფორმალურ და იოლ გარემოში. შეხვედრის მონაწილეები თავად დაასახელებენ მათთვის აქტუალურ და საინტერესო თემებს და გადანაწილდებიან შესაბამის ჯგუფებში. ასეთი ტიპის შეხვედრა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ საინტერესო ინიციატივებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისათვის.
ამასთან, ღონისძიებაზე, დონორი ორგანიზაციები და არასამთავრობოები შეთანხმდებიან პრობლემების გამოვლენის, ადვოკატირებისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის ერთიან ხედვებსა და სტრატეგიებზე.
არაფორმალური კონფერენცია (UNCONFERENCE) ეს არის დისკუსიის ფორმატის შეხვედრა, სადაც მონაწილეები თვითონ განსაზღვრავენ მის მსვლელობას. ამ დროს არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი და იმ საკითხების განსაზღვრა, რომელთა განხილვაც მოხდება, ადგილზე ხდება; ეს არ არის პრეზენტაცია, არამედ დისკუსია და „ტვინის შტურმი“ (BRAINSTORMING).
„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანება.
ქსელის მიზანია ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმის ჩამოყალიბება, საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით. ქსელის ფასილიტაციას
ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“. ქსელის საქმიანობა ხორციელდება „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების როგრამის“ (G-PAC) მხარდაჭერით.