"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას უცხოური მედიაც ეხმაურება.
"საქართველოს პრეზიდენტის უახლოესი მოკავშირეები თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებისთვის გაასამართლეს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal ალან კულისონის სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაკვრით აღნიშნა, რომ 2006 წელს მომხდარი მკვლელობის გამოძიების სავარაუდო დაფარვისთვის, შესაძლოა, გასამართლეს პრეზიდენტი სააკაშვილიც. მისი ორი მოკავშირე კი თანამდებობის უფლებამოსილების გადამატებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, - წერს ალან კულისონი.
"ამ დაკავებებმა დემოკრატიის ვალდებულებების შესრულების მხრივ შეშფოთება გამოიწვიეს საქართველოში, რომელსაც აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ საყრდენად მიიჩნევდნენ და ინვესტიციას დებდნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
როგორც ამერიკულ გამოცემაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა ორივე დაკავება პოლიტიკურად შეაფასა. მისმა მთავარმა მოკავშირემ კი ეს ბრალდებები პრეზიდენტის პარტიისთვის დარტყმის მიყენების კამპანიად შეაფასა.
მიხეილ სააკაშვილმა, - წერს ალან კულისონი, - რომელმაც დასავლური ქვეყნების გული გაპრეზიდენტების მერე მოიგო, გასული წლის შემოდგომით საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მწვავე მარცხი განიცადა. არჩევნების შემდეგ ის ძალაუფლებას თავის მეტოქესთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან იყოფს – საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ვინც რუსეთთან ახლო ურთიერთობებს უჭერს მხარს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, სააკაშვილის პოპულარობა მისი პრეზიდენტობის განმავლობაშივე დაეცა. უამრავი ადამიანი ჩიოდა, რომ მისი მთავრობა მბრძანებლური იყო და მაღალჩინოსნები 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალმა მთავრობამ ბოლო თვეებში ციხიდან ასობით ადამიანი გაათავისუფლა, თუმცა საგამოძიებო საქმეები წამოიწყო ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. დაკავებებები შეეხო სააკაშვილის უახლოეს მოკავშირეებსაც.
`ერთი მათგანი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის პარტიის ამჟამინდელი ლიდერი ვანო მერაბიშვილია, მეორე კი ჯანმრთელობისა და შრომის ყოფილი მინისტრი და ამჟამინდელი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილია.
ორივე მათგანი დასაქმების პროგრამის დროს თანხის მითვისებისთვის არის დაკავებული. მერაბიშვილს ასევე ბრალი ედება ზღვის სანაპიროზე სხვისი კერძო საკუთრების მითვისებაში. პროკურორთა განცხადებით, ისინი ასევე იძიებენ, მიუძღვის თუ არა ბრალი ვანო მერაბიშვილს 2011 წლის მაისში საპროტესტო აქციის დარბევაში, ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, რომელიც რესტორანში მაღალჩინოსნებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისის გარეუბანში გარდაცვლილი აღმოაჩინეს", - წერს ალან კულისონი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამ დანაშაულში თავად პრეზიდენტიც იყოს ჩართული და აცხადებს, რომ "მთავრობის ყველა წევრი კანონის წინაშე თანასწორია".
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ქართველი პოლიტიკური ანალიტიკოსის ალექსანდრე რონდელის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებით პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ რისკზე მიდის. თუმცა, ამ ნაბიჯებით ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო კამპანიის წინ დადებული პირობის შესრულებას.
"თუმცა, მიუხედავად ბოლოდროინდელი დაკავებებისა, ივანიშვილის ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სხვა დანაშაულების იგნორირებისთვის. გასულ კვირას, ათასობით ადამიანმა, ორთოდოქსი მღვდლების წინამძღოლობით, პოლიციის კორდონი გაანგრია და ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი აქცია დაარბია, რის შედეგაც, ათობით ადამიანი დაშავდა და საავამდყოფოში მოხვდა.
ივანიშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში ეკლესიის მხარდაჭერით მოვიდა, მომხდარი ძალადობა დაგმო. თუმცა, დემონსტრაციის დარბევისთვის არავინ დაუკავებიათ, გარდა ოთხი ადამიანისა, რომლებიც ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს", - აღნიშნავს "The Wall Street Journal" ჟურნალისტი.
ალან კულისონი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, უარყოფს სააკაშვილის ბრალდებებს, რომ ის კრემლის ინსტრუმენტია. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია სურს, თუმცა მოსკოვთან ურთიერთობის გამყარებასაც ცდილობს.