მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, - ამის შესახებ შესახებ ქუთაისის საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომპლექსურ ღონისძიებებს ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აწარმოებდა.

"პირველი ეპიზოდი შეეხება შემდეგს: ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩევლთა მოსყიდვის, ასევე სახელმწიფო სახსრებით ამ პარტიის მხარდამჭერების ფარული დაფინანსების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური მოქმედებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან – 5 მილიონ 200 ათასი ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს. ისინი შტატგარეშედ გააფორმეს, როგორც თანამშრომლები, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა მიიღეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემისა და მისი საარჩევნო აგიტაციის წარმოებისთვის", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ამ შემთხვევაში გამოძიება მერაბიშვილს დაბა კვარიათში კერძო პირის საცხოვრებელი სახლის უკანონოდ მითვისებაში ედავება, რომელიც მას "დასასვენებლად" მოეწონა.

გამოძიების ინფორმაციით, პირველ ეპიზოდთან მიმართებაში მერაბიშვილმა სახელმწიფოს 5 მილიონ 200 ათასი ლარის ზარალი მიაყენა, მეორე ეპიზოდში კი ბიუჯეტმა 158 ათასი ლარის ზარალი განიცადა. პროკურორის თქმით, მერაბიშვილმა კვარიათში აღნიშნული დასასვენებელი სახლი შსს-ის ფარული ბიუჯეტით გაარემონტა.

"გვაქვს მტიცებულელები, რომელიც საკმარისია დასკვნისთვის, რომ მერაბიშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის პრიმა, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა პროკურორმა.