რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მუსულმანი მესხების განცხადები იხილება

რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მუსულმანი მესხების განცხადები იხილება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მუსულმანი მესხების 8900 განაცხადია შესული, 1053-ს კი რეპატრიანტის სტატუსი უკვე მიენიჭა. 

ამის შესახემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია "ვათანის" დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

მხარეებმა მუსულმანი მესხების თემაზე ისაუბრეს და მათთვის რეპატრიანტის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, "ვათანის" წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესი.

"სამინიტროში სულ 8900 განაცხადია შემოსული, მათ შორის 5841 ზრდასრული ადამიანის. აქედან 1053 პირს რეპატრიანტის სტატუსი უკვე მიენიჭა. მათ შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის უწყებებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. ასევე დამუშავების პროცესშია კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს", - აღნიშნა დარახველიძემ.

მინისტრის თქმით, საუბარი ასევე შეეხო მუსულმანი მესხების საქართველოს ტერირორიაზე განსახლებასაც.

"ვისაუბრეთ საქართველოში მათი განსახლების საკითხებზე. კერძოდ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც თავისუფალი სახლებია, თავისი საკარმიდამო ნაკვეთებით, შეუძლიათ იყიდონ და მოახდინონ ინტეგრაცია. ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ახალციხის რაიონში მათ კომპაქტურად ჩასახლებას, ეს საკითხი ამ ეტაპისთვის რთულია ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე. ჩვენ დღეს 60 000-მდე დევნილი ოჯახისთვის გვაქვს გადასაწყვეტი საცხოვრებელი პირობები, დასაქმების საკითხები და ამავდროულად, ჩვენი მესხი თანამემამულეებისთვის კომპაქტური ჩასახლების მოწყობა ამ ეტაპზე რთულია", -აღნიშნა დავით დარახველიძემ.

აზერბაიჯანის "ვათანის" ხელმძღვანელის შეფასებით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო, მინისტრისგან პასუხები ყველა კითხვაზე მიიღეს და სამინისტროსთან თანამშრომლობა აქტიურად გაგარძლდება.

მუსულმანი მესხების უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "ვათანი" სხვადასხვა ქვეყნებში 2003 წლიდან ფუნქციონირებს.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ მესხებს ადაპტირებაში დახმარება და უფლებების დაცვა.