აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2012 წლის ანგარიშში წინწყაროში, ნიგვზიანსა და თეთრიწყაროში განვითარებული მოვლენები მოხვდა.
დოკუმენტში საუბარია სიძულვილის ენის ხშირ გამოყენებასა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეკონსტრუქციის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზეც.
ანგარიში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რამდენიმე თემატური ნაწილისგან შედგება, რომელთა შორისაა – რელიგიური დემოგრაფია;
ხელისუფლების პატივისცემა რელიგიური თავისუფლებისადმი; საზოგადოების პატივისცემა რელიგიური თავისუფლებისადმი და აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა.
ქვეთავში, სახელწოდებით რელიგიური დემოგრაფია, აღნიშნულია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მოსახლეობის რაოდენობა 4,5 მილიონს შეადგენს, რომელთა 84% მართლმადიდებელია, 10% - მუსულმანი, ხოლო 4% - სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლი.
ანგარიშის თანახმად, ეთნიკური ქართველების უმეტესობა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია, თუმცა ეთნიკური რუსები ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა ორთოდოქსალური ჯგუფების წარმომადგენლები არიან, როგორიცაა დუხობორები, სტაროვერები და ა.შ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელი, რწმენით კი მუსულმანია.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცალკეულ მუსულმანურ ჯგუფებში შედიან ეთნიკური ქართველებიც აჭარიდან. რაც შეეხება ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ისინი ძირითადად სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წევრები არიან და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ.
"კათოლიკები, ქურთები, ბერძენი ორთოდოქსები და იუდეველები მოსახელობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენენ. "არატრადიციული" რელიგიური დაჯგუფებები კი, როგორებიც არიან ბაპტისტები, იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, ერთობლივად მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენენ", - აღნიშნულია ანგარიშში.
ქვეთავში, სახელწოდებით ხელისუფლების პატივისცემა რელიგიური თავისუფლებისადმი, აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია და სხვა კანონები რელიგიურ თავისუფლებას იცავენ.
"კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ითვალისწინებს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. კანონი უზრუნველყოფს რელიგიური რწმენის თავისუფლებას, რელიგიური კუთვნილების არჩევისა და შეცვლის ჩათვლით", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებასა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი მართლმადიდებლურ ეკლესიას უნიკალურ სტატუსს ანიჭებს, რადგან ამგვარი შეთანხმება სხვა რელიგიურ დაჯგუფებებთან არ არსებობს.
ასევე, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთადერთი რელიგიური ჯგუფია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 22,8 მილიონ ლარს იღებს.
დოკუმენტის თანახმად, საგადასახადო კოდექსი რელიგიურ ჯგუფებს გადასახადებისგან ნაწილობრივ ათავისუფლებს, თუმცა – არათანაბრად.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა ყველა რელიგიური ჯგუფი იხდის საშემოსავლო გადასახადს, დღგ-ს, ასევე რელიგიური შენობების მშენებლობა-აღდგენასთან დაკავშირებულ გადასახადებს.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობა, როგორც ეროვნულ დღესასწაულებს, აკვირდება რელიგიურ დღესასწაულებს – ქრისტესშობა, ნათლისღება, დიდი პარასკევი, აღდგომა, აღდგომის ორშაბათი, მოციქულ ენდრიუს დღე, მარიამობა, სვეტიცხოვლობა, გიორგობა და ნოვრუზ ბაირამი.
"არ ყოფილა ინფორმაცია რელიგიური თავისუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ. ხელისუფლებამ ეფექტურად მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ იმოქმედა – არ გაუწია წინააღმდეგობა ხალხს, რომელმაც ისლამური სამლოცველოს შესასვლელი დაანგრია. სისტემური პრობლემები უცვლელი რჩება – სადავო საეკლესიო საკუთრების დაბრუნების შესახებ, რომელსაც რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფები ითხოვენ. ასევე, ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, პრივილეგირებული იურიდიულ და საგადასახადო სტატუსი აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ასევე არასრულად არის გამოყოფილი ეკლესია სახელმწიფოსგან და სახელმწიფო სკოლებისგან. 2012 წლის საპარლამენტი არჩევნების კამპანიისას ცალკეულმა კანდიდატებმა გამოავლინეს რელიგიური და ეთნიკური არატოლერანტულობა", - აღნიშნულია ანგარიშში.
მასში NDI-ის კვლევებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ სიძულვილის ენა გამოყენებული იყო ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის მიერ, რომელმაც "რესპუბლიკელ" გია მასალკინზე განაცხადა, რომ იგი არ იყო ეთნიკურად ქართველი და სწორედ ამიტომ არ ადარდებდა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის შესაძლო რეკონსტრუქცია.
დოკუმენტის თანახმად, 2012 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ 24 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტრომ წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარე რელიგიური შენობების აღსადგენად 13 მილიონი ლარი გამოყო.
დოკუმენტის თანახმად, 2012 წლის ბოლოს ხელისუფლებამ 14 რელიგიური ჯგუფი იურიდიულ პირებად დაარეგისტრირა.
ანგარიშში საუბარია რელიგიურ უმცირესობათა ცალკეულ წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებსა და მათზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებაზეც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებმა წლის განმავლობაში მათი უფლებების დარღვევის შესახებ 11 საჩივარი შეიტანეს.
დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა იმყოფება, შესაბამისად, იქ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიღება რთულია.
ხშირ შემთხვევაში კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთაში პრობლემები ექმნებოდათ და ახლობლების საფლავებზე ვერ მიდიოდნენ.
ანგარიშში საუბარია საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებზეც, რომლებშიც ისინი დადებითად აფასებენ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების წვლილს ქვეყნის განვითარებაში.
დოკუმენტშის ქვეთავში, სახელწოდებით – ხელისუფლების პასიურობა, ნიგვზიანში განვითარებული მოვლენები მოხვდა.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, დანაშაული უფრო მძიმდება, თუ ის ჩადენილია რელიგიურ ნიადაგზე.
ანგარიშის ქვეთავში, საზოგადოების პატივისცემა რელიგიური თავისუფლებისადმი, საუბარია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე მოყვანილია იეჰოვას მოწმეების კომენტარები, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ ავიწროებენ.
"1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მცირე პერიოდში, ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ განცხადებებს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მისამართით. 29 და 30 ნოემბერს წინწყაროში მართლმადიდებლები მუსულმანებს სამლოცველო სახლში შეკრებას უკრძალავდნენ, ემუქრებოდნენ და სიტუაციაში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი გააკეთა განცხადება, რომ რწმენის თავისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით გარანტირებულია და კონფრონტაციაში დამნაშავე პირები მკაცრად დაისჯებიან", - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის ბოლო თავი ამ მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკას ეთმობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამერიკის საელჩო რელიგიური ტოლერანტობის უზრუნველსაყოფად რეგულარულად და აქტიურად მუშაობდა როგორც პარლამენტის, ისე რელიგიური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის ელჩი რამდენჯერმე შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის განსახილველად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ელჩი შეხვდა მარნეულსა და თეთრიწყაროში მცხოვრებ მუსულმან ლიდერებს და მათ პრობლემებს გაეცნო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საელჩომ გამოყო მცირე გრანტები ადგილობრივი არასამთავრობოებისთვისაც, რომლებიც რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერისა და რელიგიურ უმცირესობათა სამოქალაქო-საგანმანათლებლო ინიციატივებისთვის იყო გამიზნული, რათა სახელმწიფო დაწესებულებებსა და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის კავშირები გაუმჯობესდეს.