"სახელმწიფომ ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა ვერ შეძლო"

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ "სახელმწიფომ ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა ვერ შეძლო".

ამის შესახებ საუბარია დღევანდელი აქციის დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ გავრცელებულ პირველად შეფასებაში.

"17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაარღვია. სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ადეკვატური და ეფექტური. ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გავრცელებული კადრების თანახმად, კორდონის გადალახვა კონტრდემონსტრატებმა წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს. პოლიციამ სასულიერო პირების ჯგუფს, რომლებიც წარმოადგნენ კონტრდემონსტრანტებს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციაზე შესვლის შესაძლებლობა მისცა, რა დროსაც დამატებითი ნაკადის შეკავება ვეღარ მოხერხდა. კონტრდემონსტრანტებმა აგრესიულად და მასიურად დაიწყეს აქციის მონაწილეთა მიმართულებით გადაადგილება და აქციისათვის გამოყოფილი სივრცე მთლიანად დაიკავეს. აქციის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილმა შეძლო ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება. ამ ეტაპისათვის შეგვიძლია გავაკეთოთ პირველადი შეფასება და განვაცხადოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ ვერ შეაფასა კონტრდემონსტრანტების მხრიდან მომდინარე შესაძლო რისკები და უსაფრთხოების შესაბამისი სტრატეგია ვერ შეიმუშავა. აქციის ტერიტორიაზე მობილიზებულ პოლიციელთა მცირე რაოდენობა, გამოყენებული ზომები, საშუალებები და მოქმედებები კანონდამრღვევთა წინააღმდეგ იმთავითვე ცხადი იყო, რომ არაეფექტური იქნებოდა; პოლიცია არ მოქმედებდა კოორდინირებულად და ხშირ შემთხვევაში იყო უსუსური დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე. პოლიციამ არ გამოავლინა საკმარისი ძალისხმევა რათა უზრუნველეყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება აქციის გამართვის პროცესში; კონტრდემონსტრანტების მიერ აქციის ტერიტორიის დაკავების შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად უმოქმედო, რითაც კონტრდემონსტრანებს მისცა უმართავად გადაადგილების საშუალება, რამაც გაზარდა მათი მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ინდივიდუალური ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი; განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიციელთა დამოკიდებულება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მონაწილეთა მიმართ. ყველა დამკვირვებელი ადასტურებს, რომ პოლიციელები აღნიშნული აქციის მონაწილებს ერთმანეთთან საუბარში მოიხსენიებდნენ ცინიკურად და შეურაცხმყოფელად და გარკვეულწილად თანაუგრძობდნენ კონტრდემონსტრატებს. ეს დამოკიდებულება ასევე იგრძნობოდა მათ ქცევაში. ამ დროისათვის ათასობით კონტრდემონსტრანტი კვლავ გადაადგილდება ქუჩებში და გამოირჩვიან განსაკუთრებული აგრესიით იმ პირების მიმართ, რომელთაც აიგივებენ თავდაპირველი აქციის მონაწილეებთან. სამწუხაროდ, პოლიციის ქცევა ამ შემთხვევაშიც არაადეკვატურია და შემოიფარგლება მხოლოდ კონფლიქტური ინციდენტების განმუხტვით", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეფექტური ღონისძიებები გაატაროს.

"დააყენოს ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც სათანადოდ ვერ შეაფასეს არსებული რისკები და ვერ ან არ უზრუნველყვეს შეკრებისა და მანიფესტაცის უფლების განხორციელება და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება; გამოიძიოს და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არ მისცეს საშუალება მოქალაქეებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია, ძალადობდნენ განსხვავებული შეხედულების ადამიანების მიმართ, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

დამკვირვებელი ორგანიზაციები ამ დრომდე აწარმოებენ სადამკვირვებლო საქმიანობას და სრულ ინფორმაციასა და შეფასებებს საზოგადოებას დამატებით წარუდგენენ.