"ჩვენ სერგო ორჯონიკიძეობა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან თქვენ ეს უკვე მოახერხეთ", - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის განხილვის გარშემო პარლამენტში წარმართული პროცესები, რომელიც რამდენიმე სასესიო დღის განმავლობაში გაგრძელდა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან შეაჯამა. მან ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს გასცა პასუხი - მათ შორის სერგო ორჯონიკიძეობასთან დაკავშირებით.
"თქვენ სერგო ორჯონიკიძეობა თქვენი ცხრა წლიანი უგუნური პოლიტიკით უკვე მოახერხეთ - რუსეთი დაბრუნდა საქართველოში. რუსული ჩექმა, რუსული ბაზები დაბრუნდა საქართველოში. თქვენმა ორჯონიკიძეობამ შესაძლებელი გახადა ის, რომ საქართველომ დამატებით დაკარგა ტერიტორიები - კოდორი, ახალგორი. ათასობით დევნილი მძიმე დღეშია. მოახერხეთ ის, რომ ამ უაზრო ომში არამხოლოდ სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალები შეალეწეთ, არამედ ამ მიმართულებით თქვენმა უგუნურმა პოლიტიკამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამ ყველაფრის გამოსწორებას ჰოლივუდის ფილმით ცდილობდით. გაგვიჭირდება ორჯონიკიძეობა იმიტომ, რომ ეს ადგილი დაკავებულია - ეს თქვენ მოახერხეთ და შეძელით!" - მიმართა უსუფაშვილმა უმცირესობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ საპარლამენტო ოპოზიციასთან ცივილური ურთიერთობის გამო უამრავ საყვედურს იღებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ოპონენტებთან სამომავლოდაც ამ ფორმით გააგრძელებს ურთიერთობას.
"მზად ვარ, საყვედურები მივიღო ხვალაც, არა იმიტომ რომ თქვენ იმსახურებთ ასეთ მოპყრობას, არამედ იმიტომ რომ ეს შენობა, ეს ინსტიტუტი და საქართველო იმსახურებს ამას, რათა ამ ქვეყანაში პარლამენტარიზმი დამკვიდრდეს. ქვეყანას სჭირდება ის, რომ ამ დარბაზში სამუშაო ატმოსფერო იყოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას უსუფაშვილმა პრეზიდენთან ერთად გამართული პრესკონფერენციაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმდნენ, რაზე უნდა ესაუბრათ ჟურნალისტებთან, მაგრამ "მან ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა".
"ყველაზე მძიმე ამბავი ისაა, როცა სიტყვას ფასი ეკარგება - ადამიანი რაღაცას გელაპარაკება და ხედავ, რომ მისი სიტყვის ფასი, ნულია", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მან დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 19 აპრილის სესიაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა იმის გამო გადაიდო, რომ ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შეძლებოდა, მაგრამ შემდგომ მათ "იკადრეს ის, რომ რეგისტრაციის არ გავლით, პროცესი შეეფერხებინათ".