ჯონ კერი ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჯონ კერი ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისადმი მიწერილ წერილში ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ძვირფასო მინისტრო, უდიდესი მწუხარებით შევიტყვე 13 მაისს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვისა და უამრავი ადამიანის დაშავების შესახებ. ამ მამაცმა ჯარისკაცებმა მიზნად დაისახეს ავღანეთი და მთლიანად მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქციონ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ამ მიზანს. მადლიერებას გამოვთქვამ მათი სამსახურის გამო. გთხოვთ, ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, დაღუპულთა ოჯახებს ჩემი ღრმა სამძიმარი გადასცეთ. ამ მძიმე დღეებში, ჩვენ გვახსენდება ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა და მოქალაქეებმა გაიღეს საერთო მიზნის მისაღწევად, კერძოდ, სტაბილური, უსაფრთხო და განვითარებული ავღანეთისთვის. ის, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ავღანეთსა და მთელს მსოფლიოში ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობას, ძალისხმევისა, რომლის მიზანია ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს ამ მიზნის მიღწევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. გამოვხატავ უდიდეს მადლიერებას ავღანეთში ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და გულწრფელად ვუსურვებ ყველა დაშავებულს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას. პატივისცემით, ჯონ კერი", - ნათქვამია კერის მიერ მაია ფანჯიკიძისადმი გამოგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ.

თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან, ქაშუეთის ეკლესიიდან უკვე საკუთარ სახლებში გადაასვენეს. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე - გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სერჟანტი ზვიად დავითაძე - სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეთში და ვლადიმერ შანავა - წალენჯიხაში.