პრემიერ-მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა საქართველოს რკინიგზას კუთვნილი შემოსავალი ნებაყოფლობით დაუბრუნა.
ამის შესახებ ხუხაშვილმა ’’პრაიმტაიმის’’ პრეს-კლუბში განაცხადა.
მისი თქმით, მან დღევანდელ პრეს-კონფერენციას კოდური სახელწოდება - "მე შაირი არ მინდოდა" დაარქვა და ბევრი რამის განსაჯაროებას არ აპირებდა, თუმცა ამაზე საუბარი თავად ’’ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო.
ხუხაშვილის თქმით, იგი ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებულ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს იცნობს და აცხადებს, რომ იგი წესიერი ბიზნესმენია.
რაც შეეხება რკინიგზის თემას, ხუხაშვილის თქმით, როდესაც 2004 წელს მან რკინიგზაში მუშაობა დაიწყო, იქ არსებობდა შავი სალარო, რომლის გათეთრებაც მან ლევან ვარშალომიძესთან ერთად გადაწყვიტა, რასაც ხუხაშვილის თქმით, თავად შეეწირა. მისივე თქმით, რამდენი ხნის შემდეგ მასზე თავდასხმაც განხორციელდა.
"მე დღეს მოვახერხე ის, რაც ვერ მოვახერხე 2004 წელს. დაახლოებით 10 მლნ დოლარის ოდენობის რკინიგზის შემოსავალი ე.წ. ბიზნესში იყო გაცურებული, რისი ერთადერი ფუნქცია ის იყო, რომ რკინიგზის შემოსავალი მასში დალექილიყო და იქიდან, რადგან კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის’’ მოლარე გახლდათ, სავარაუდოდ, ეს ფული "ნაციონალური მოძრაობის" სალაროში მიდიოდა. უფრო კონკრეტულად ეს იყო გადაზიდვების ბიზნესი ტრანზიტულ ტვირთებზე. ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიზიდებოდა ამ დერეფანში აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან საქართველოს გავლით და შემდეგ გადაიტვირთებოდა პორტების მეშვეობით. ტარიფი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ის, რასაც რკინიგზა იღებდა და ე.წ. დელტა, ზემოდან დადებული. რკინიგზა გადამზიდავებთან პირდაპირ კონტაქტებს ვერ აფორმებდა. იყო ხელოვნური მონოპოლია, რომელშიც ილექებოდა ეს დელტა, რომელიც 15 მილიონ დოლარამდეც ადიოდა. ეს იყო რეალურად რკინიგზის შემოსავალი, რადგან ეს კომპანია არანაირ მომსახურებას არ ეწეოდა. მისი მეშვეობით მხოლოდ ქაღალდების ერთი ოფისიდან მეორეში გადატანა ხდებოდა. დავით იაკობაშვილმა, რომელმაც კეზერაშვილისგან ეს ჰოლდინგური ჯგუფი შეიძინა და ამ ბიზნესის მეპატრონე გახდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნებაყოფლობით რკინიგზას ანუ თავის ბუნებრივ პატრონს დაუბრუნა", - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე კომენტარს, სავარაუდოდ, რკინიგზაც გააკეთებს.
რაც შეეხებ ირმა ნადირაშვილის მიერ ნახსენებ ბიზნესმენ გია ღამბაშიძეს, ხუხაშვილის თქმით, იგი ღამბაშიძეს იცნობს, თუმცა ნადირაშვილის განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ არ იცის, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღამბაშიძესა და იაკობაშვილს შორის.
ამასთან, ხუხაშვილი მოუწოდებს ჟურნალისტებს, მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებებით დაინტერესდნენ, ბოლომდე გამოძიონ და თუ ისინი რაიმე კვალს მიაგნებენ, ხუხაშვილი მზადაა, "არამარტო თანამდებობა დატოვოს, არამედ სხვა ნაბიჯებიც გადადგას".