აჭარის უმაღლეს საბჭოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, უმაღლეს საბჭოში შეკრებილი არიან დეპუტატები, თუმცა შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ფრაქცია "მაჟორიტარის" ხელმძღვანელმა, ირაკლი ბარამიძემ აღნიშნა, შეხვედრის შესახებ გვიან შეიტყო, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ადგილზე არ იმყოფებიან.
"დღეს, 11:30 საათზე გავიგე პრემიერ-მინისტრის სტუმრობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ მას, მაგრამ რადგან გვიან გავიგეთ და შეკრება ვერ შევძელით, შეხვედრას არც მე დავესწრები", - აღნიშნა ბარამიძემ.
უმაღლეს საბჭოში იმყოფებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მედიის წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარინე კუპრეიშვილის განცხადებით, შეხვედრას მხოლოდ აჭარის ტელევიზია გადაიღებს და მასალას მოგვიანებით გაავრცელებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ აჭარის ტელევიზიის ფორმატი მათთვის ტექნიკურად შეუსაბამოა.
ამასთან, შეხვედრაზე დასწრება ჟურნალისტებს ტელეკამერების გარეშე შეეძლებათ.