საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი გიორგი ფარესაშვილს შეხვედრას და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივ თანამშრომლობას სთავაზობს. ხუხაშვილი ფარესაშვილთან დაკავშირებით ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გავრცელებას დანაშაულად აფასებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ფარესიშვილისგან ბოლო პერიოდში ჩემი მისამართით ბევრი ცილისმწამებლური განცხადება მოვისმინე, მიმაჩნია, რომ მასზე კადრების გავრცელება წარმოუდგენელი დანაშაულია. თუ ადრე მეგონა, რომ ფარესიშვილი შეგნებულად აწარმოებდა ჩემს მიმართ ბინძურ კამპანიას, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გახდა კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი. ახლა მხოლოდ მის ბოლო განცხადებას შევეხები და მინდა, იცოდეს, რომ მოგელაძე ტელევიზორში მყავს ნანახი, ხოლო მისი მეუღლე საერთოდ არ ვიცი ვინ არის. ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს კვალი უნდა ვეძებოთ იქ, სადაც მისი დეზინფორმირება ხდებოდა. ეს ყველაფერი აღარ არის მარტო მისი პრობლემა. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. ვთავაზობ მას შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადვილად გავერკვევით ამ ისტორიაში", - ნათქვამია ხუხაშვილის განცხადებაში.