საბჭოთა ანაბრების თემა ოცი წელია აქტუალურია, განსაკუთრებით კი არჩევნების პერიოდში. ედუარდ შევარდნაძეც და მიხეილ სააკაშვილიც ხელისუფლებაში მოსვლის წინ მოსახლეობას მცირე მეწარმეების და ანაბრების პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ პირობა არცერთმა შეასრულა. დაზარალებული მეანაბრეები ჯერ კიდევ მოლოდინში არიან, რომელ ხელისუფლებას ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ აღიარებული შიდა ვალის გადახდა დაიწყოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკატერინე ბესელია "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლებისთვის საბჭოთა ანაბრები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა და ის პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებებს.
ქალბატონო ეკა, ბოლო პერიოდში საბჭოთა ანაბრების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს. ანაბრების გარეშე დარჩენილი ადამიანები ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე აღმოჩნდნენ. თქვენ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, როგორ ფიქრობთ, უნდა იქნას თუ არა სამართლიანობა აღდგენილი და ამ ადამიანების ბედით ახალი ხელისუფლება დაინტერესდება თუ არა?
საბჭოთა ანაბრები გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ათასობით ადამიანი დაზარალდა იმ პერიოდში, როდესაც მათ დაკარგეს ის დანაზოგი, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდნენ. ბევრ მათგანს მართლაც გაჭირვებისთვის ჰქონდა შემონახული თავისი შრომით და წვალებით მოპოვებული ეს თანხა.
ეს ყველაფერი არ მომხდარა უღრუბლო ცაზე. იმ პერიოდში, ძალიან მაღალი დონის მაქინაცია განხორციელდა, როდესაც ათასობით ადამიანის გაუბედურების ხარჯზე რამდენიმე ადამიანი გამდიდრდა. საბჭოთა ანაბრები იყო და არის სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული. ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა თუ შეძლებს, რომ პრობლემა ეტაპობრივად, გარკვეული პროცედურების და წინაპირობების დაცვით მოაგვაროს და ამ უფლებადარღვეულ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ კომპენსაციები მიიღონ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნება განხორციელებული.
ჩვენ, სამწუხაროდ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. წარმოიდგინეთ, რამდენიმე მილიარდს აღწევს უკვე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩამორთმეული ის ქონება, რაც ძალადობის გზით განახორციელეს ბოლო წლებში და რამდენიმე მილიონზე ადის ზარალი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა ქმედებების შედეგად მიადგა.
მიუხედავად ამისა, ანაბრების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად შეძლებს ამ ადამიანების უფლებების აღდგენას, ეს იქნება უპრეცედენტო სიკეთე და პასუხისმგებლობის აღება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან.
რა თქმა უნდა, ეს მოკლე დროში გაჭირდება ჩვენი მძიმე მემკვიდრეობის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდის შემდეგ, მაინც მოიძებნება მექანიზმი ამ ვალდებულების შესასრულებლად.
დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ანაბრების ნაწილის გასტუმრება იმ პრივატიზირებული ქონებითაც შეეძლოთ, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განახორციელეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
რასაკვირველია შეეძლოთ, სრულიად ვეთანხმები ბატონ დავითს. მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ არა თუ ეს ვალდებულება არ შეასრულა, ლამის ნახევარი საქართველო გააკოტრა. მათ არასდროს უფიქრიათ ადამიანებზე და არც მათ მიერ ჩამორიგებულ პირობებზე.