“ნაცმოძრაობის” აქტიურობის სტიმულირების შესახებ

“ნაცმოძრაობის” აქტიურობის სტიმულირების შესახებ

                                            სახალხო პარტიის განცხადება      

ბოლო პერიოდში ქვეყნის  მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაში  აშკარად იკვეთება  “ნაცმოძრაობის” და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა “პატრიოტულ” და “პროდასავლურ” ღირებულებათა დამცველის ამბიციური ტონით საუბრის გააქტიურების ტენდენცია.

“ნაცმოძრაობის”  დამნაშევეთა ბანდის   მიერ გაკეთებული განცხადებები   ემსახურება მათი მმართველობის პერიოდის ისე წარმოჩენას, რომ თურმე დემოკრატიულ გარემოში გვიცხოვრია და მათი მართველობისადმი ხალხის უკმაყოფილობა დაკავშირებული იყო მხოლოდ უმნიშვნელო გადაცდომებთან.

სიტუაცია იქმნება ისეთი, თითქოს განვლილი 9 წლის განმავლობაში ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც დემოკრატიული სამყაროს მიერ მიჩნეულია მძიმე დანაშაულად, რაც საჭიროებს ამ დანაშაულებების ჩამდენი რეჟიმისა და პიროვნებების   დასჯას, განხორციელებული იქნა ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ და არა პირადი  ინტერესებიდან გამომდინარე.

მათ ამის საშუალებას აძლევს  დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობა და ფაქტიურად ისეთი განცხადებები, როგორიცაა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ არაერთგზის გამოხატული სურვილი, რომ მომხრე არ არიან ყოფილი ხელისუფლებების დანაშაულებებზე გასამართლდეს რეჟიმი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ეს კი “ნაცმოძრაობის”  გააქტიურების პირდაპირი სტიმულირება და პოლიტიკური მხარდამჭერაა.

გამოძიებულ არ არის, თუ რა “დამსახურება” მიუძღვის “ნაცმოძრაობას”   ქვეყნისა და ხალხის წინაშე,   ქმედებები რომლებმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევა, ეროვნული ფასეულობების იგნორირება და ევროპულ ღირებულებებთან დაშორება,  რამდენჯერ   “გადაგდებული” იქნა მოსახლეობა და ა.შ., რის ხარჯზეც მათ გაიუმჯობესეს საკუთარი კეთილდღეობა და კატასტროფის წინაშე დააყენეს ქვეყანა. აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებების ნუსხაში შედის  სახელმწიფო თუ კერძო პირთათვის წართმეული თანხები და ქონება, რომელიც დამნაშავეთა დასჯის შემდეგ ცალსახად და უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულებს.  

“სახალხო პარტია”  არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით შექმნილიყო 2003-2012 წლების მოვლენათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რასაც საზოგადოების ძირითადი ნაწილი იზიარებს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ნაცმოძრაობის დამარცხება, სამართლიანობის აღდგენის მოლოდინმა გამოიწვია, მაგრამ მმართველი უმრავლესობის მიერ იგნორილებული იყო და ნაცვლად აღნიშნული საკითხის ფუნდამეტალური განხილვისა, მან შემოგვთავაზა ცალკეულ პირთა შერჩევითი, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით  პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი.

შევახსენებთ ხელისუფლების პატივცემულ პირებს, რომ დამნაშავეთა შერჩევა არ არის მათი   პრეროგატივა. დამნაშავეებს სჯის კანონი, კანონების აღსრულებას კი უზრუნველყოფს ხელისუფლება, რომელთაც მხოლოდ იმის უფლება აქვთ, რომ უკვე გასამართლებულები შეიწყალონ ან მოახდინონ ამნისტირება.

 სახალხო პარტია იტოვებს უფლებას ამ კუთხით ხელისუფლების უმოქმედობის გაგრძელების შემთხვევაში განახორციელოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი პოლიტიკური ქმედებები.

01.05.2013