ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცესკო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საჭიროდ მიიჩნევს გააკეთოს განმარტება 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს მომხდარი მოვლენების შესახებ. ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "შუალედური არჩევნები გაიმართა ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში. არჩევნების პროცესი დილიდან ძირითადად მშვიდად და ექსცესების გარეშე ჩატარდა, იყო მხოლოდ ერთეული ტექნიკური ხარვეზები. 
გამონაკლისი იყო ბაღდათის საარჩევნო ოლქი. არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოებისგან" შემოსული საჩივარის მიხედვით №10 საარჩევნო უბანთან იდგა ავტომობილი სახელმწიფო ნომრით FXF-382, რომელიც ადგილობრივი პოლიციის უფროსის, გელა მშვილდაძის, სამსახურეობრივი ავტომობილია. ამ ავტომობილში სათითაოდ იძახებდენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს გასაუბრების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. გასათვალისწინებელია, რომ საჩივარს თან ახლავს ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საარჩევნო უბნის წინ გაჩერებული ავტომობილი და პოლიციელები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაამოწმა ეს ფაქტი და იგი არ დადასტურდა. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის დროს წარმოქმნილი ასეთი საჩივრის უარყოფა უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც არსებობდა ხონის პოლიციის უფროსისა და სამტრედიის დაცვის პოლიციის უფროსის სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობის ფაქტები. 
ქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად დაინტერესდეს ამ საკითხებით. ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აპირებს იმსჯელოს ბაღდათის საარჩევნო საოლქო კომისიაში შემოსული ზემოთხსენებული საჩივრის პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ.
გარდა ამისა, კატეგორიულად მოვითხოვთ საარჩევნო სუბიექტების წარმომდგენლების მხრიდან პატივისცემა გამოიჩინონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. მხედეველობაში მაქვს ქ-ნი იმერლიშვილის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ "...ახალმა ხელისუფლებამ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ამ ცენტრალური საარჩევნო ... პირობებშიც კი მოახერხა ისეთი არჩევნები ჩაეტარებინა ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვის თავზე, რომ ჩვენს ოპონენტებს "ნაციონალური მოძრაობიდან" არ შეუძლიათ ისაუბრონ არცერთ საარჩევნო დარღვევაზე...".
ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს განვიხილავთ როგორც ზეწოლას და ქ-ნ იმერლიშვილს განვუმარტავთ, რომ საქართველოში არჩევნებს ატარებს არა ხელისუფლება, არამედ საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობაც სათანადოდ არის შეფასებული ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ", - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.