19 აპრილის აქციაზე პრეზიდენტმა სახელმწიფო სახსრები უკანონოდ გამოიყენა

19 აპრილის აქციაზე პრეზიდენტმა სახელმწიფო სახსრები უკანონოდ გამოიყენა

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან 19 აპრილის აქციაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სახსრების უკანონო ხარჯვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, - ამის შესახებ განცხადება დღეს „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ელისო ჩაფიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ამ აქციის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოხდა მის საკუთრებაში არსებული ე.წ. „პეტეეს“-ის გადამცემის და პირდაპირი მაუწყებლობისათვის ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გამოყენება, რაც დეპუტატის თქმით, არის სახელმწიფო სახსრების უკანონო ხარჯვა.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათ შორის შეიზღუდოს მივლინებების ხარჯები, შეიზღუდოს პრემიები (რაც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლიდან გავაუქმეთ პარლამენტის წევრებისათვის) და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი ზედმეტი თანხის ხარჯვას ადგილი არ აქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს დანაზოგი თანხები წავიდეს ჯანდაცვის, განათლების პროგრამებზე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად და ა.შ. ამ დროს 19 აპრილის აქციის დროს პრეზიდენტის მიერ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სახსრების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

მისი თქმით, აქციის პირდაპირი ტრანსლირება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერის საშუალებით მოხდა და დეპუტატი ინტერესდება, რა თანხები იყო ამაში გადახდილი. ეს ფული „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ბიუჯეტიდან აანაზღაურა, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაფარა.