რა ეწყინა მიქელას

რა ეწყინა მიქელას

მიქელა სოკოა, ზოგი მიქლიოს ეძახის, არიან ისეთებიც, რიჟიკას რომ უწოდებენ. ასეთები, ცოტა არ იყოს, წაიგოიმებენ კიდეც, მაგრამ თვითონ ეს არ იციან, თქმით კი არავინ ეუბნება. სმეტანა–არაჟნისა და გარციცა–მდოგვისა არ იყოს, ეგეც დროის საკითხია.

ყველაფერი დროის საკითხია. მიქელასაც თავისი დრო აქვს.

მიქელა სოკოა, ღია ნარინჯისფერი, ზემოდან წრიული ზოლები აქვს, ქვემოდან – სწორი, შუაგულიდან კიდემდე მიმართული. წლის გარკვეულ მონაკვეთში, კარგად რომ მოწვიმს და მერე მზე რომ დააჭერს, ერთბაშად ამოდის და იზრდება. კარგია, თუ იმ დროს დაკრეფთ, ჯერ კიდევ ქორფა რომ არის. არც გარჩვა უნდა და არც არაფერი – დაკრეფ, ცივ წყალში გაავლებ და გინდა ტაფაზე და გინდაც ნაკვერჩხალზე გემრიელად ააშიშხინებ. უნდა მარილი, ტაფაზე ხახვსაც იხდენს.

დროის საკითხზე მოგახსენებდით... ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, ის უნდა ითქვას, თუ როდის შემოდის მიქელა. წლის გარკვეული მონაკვეთი–მეთქი და, ბოლო რამდენიმე წელია რაჭაში (ალბათ ლეჩხუმშიც) გაურკვევლობაა. კერძოდ, უკვე ცხრა წელია, თითქოს ეწყინაო და იმ დროს აღარ მოდის, რა დროსაც ყოველთვის მოდიოდა. მოდიოდა აგვისტოს თხუთმეტიდან და ახლა პირველი სექტემბრიდან შემოდის.

ნამდვილად რაღაც ეწყინა...

რა ეწყინა მიქელას?

ამბროლაურის რაიონი, სოფელი შხივანა. 40–იანი წლების მიწურული. შხივანელები საკოლმეურნეო ყანას თოხნიან. სამოცდაათს მიტანებული ვანო სუთიძე დინჯად უბაყუნებს თოხს. გამთენიისას შეუდგა და ბინდის პირზე აპირებს შინ წასვლას. თოხს უბაყუნებს დინჯად. სამი ახალგაზრდა კაცი დაადგა, გატკიცინებულ გაპრიალებულ ჩექმებში ჩატანებულ გალიფე–შარვლებში. ულვაშები სამივეს აქვს, მაგრამ სინდის–ნამუსთან სამივე მწყრალად არის. „უფრო მაგრად მოიქნიე ეგ თოხი, ბიძაჩემო, რა მძიმედ იქნევ!“ – სამივეს სახელით ეუბნება ერთი გალიფეშარვლიანი ახალგაზრდა თოხიან მოხუცს. ვანომ არც აცია და არც აცხელა: „რა ვქნა, შვილო, სამი უსაქმური ზის ახლა ამ თოხზე“.

ეს მოხდა რაჭაში. ლეჩხუმშიც მოხდებოდა.

მხოლოდ სამი უსაქმური იჯდა იმ თოხზე. ახლა რამდენი ზის? უამრავი!

ეს წყინს მიქელას.

ათი წლის წინ შხივანაში გვითხრეს, ტყეში პრისტინია მოწყობილი (პრისტინი არის ფერდობზე სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მანქანები მორებით იტვირთება. ალბათ, რუსული სიტყვიდან – პრისტან), ხეებს ჭრიან და მანქანა მანქანაზე გადისო. წავედით, გადავიღეთ, დავბრუნდით. მეორე დღეს ამბროლაურის „ეკოლოგიის უფროსი“ ამოვარდა. ბოდიშები იხადა, ჭრა შეაჩრებინა. მაშინდელი ჭრა წელს „მოგვენატრა“ – ნატბეურა გაყიდულიაო, სიპა გაყიდულიაო, ნაოსპარი გაყიდულიაო, მინდორა გაყიდულიაო, ცხრა ათასი კუბამეტრის მოჭრაზეა ლიცენზია გაცემულიო, ჩინელებს გააქვთო, დაიმეწყრებაო... გადაიღეთო, დაწერეთო...

წერე და იკითხე. დაწერ და, იქნებ ჭრაზე დამატებითი ლიცენზიაც გასცენ, რათა ერთხელ კიდევ გაგრძნობინონ, რომ მათი ძალა შენს აღმართს ხნავს და ერთხელ კიდევ გაფიქრებინონ, რომ საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს.

ჩინელების ჩამოსახლება უნდათო და, რა არის ამაში დაუჯერებელი? ჩინელ მუშებს მოიყვენენ, შუა ტყეში ააშენებენ იუსტიციის სახლს და ერთი ფანჯრის პრინციპს გადააყოლებენ რაჭას, ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს. იმ ერთ ფანჯარასთან მხოლოდ ერთხელ მიხვალ, აიღებ საზღვარგარეთის პასპორტს და მერე ვინ დაიჭერს ადიდებულ და ამღვრეულ ქვედრულაში თევზს?

ეს ხდება რაჭაში და, რა თქმა უნდა, ლეჩხუმშიც.

მიქელას ესეც წყინს.

ბუდუკამ და დოდოუკამ ოქროს ქორწილი დიდი ხნის წინ გადაიხადეს. იშრომეს, იღვაწეს, შვილები და შვილიშვილები დაზარდეს. დოდო ოჯახში ტრიალებს, ბუდუ ოთხმოცდაათს არის მიტანებული ნაომარი კაცია (შარშანწინ 9 მაისს ორასი ლარი მაჩუქეს, შარშან ასი, წელს 50 ლარზე გადამატარესო) პაულიუსს ებრძოდა, სააკაშვილმა შეაშინა. გვეშინიაო. რისი–მეთქი? ხელები გაშალა და – გვერიდებაო. ვისი–მეთქი? არჩევნებზე გადასატან ყუთს რომ მოგვიტანენ, თავზე რომ დაგვადგებიან და ხუთიანის შემოხაზვას რომ დაგვძახებენ, თან გვერიდება და თან გვეშინიაო.

ანზორაც შეშინებულია – ახალი მთავრობა მოვა და იმ ოცლარიან დახმარებასაც მოგვიხსნიანო.

ანზორას, ბუდუკას და დოდოუკას არ აქვთ ნანახი ის კადრები, შეშინებული სააკაშვილი მიწაზე რომ ფორთხავს და ამის შემხედვარე გორელები სიცილით რომ იხოცებიან.

მიქელას ნანახი აქვს, წყინს და მწარედ ეცინება.

რაჭაში ასეა, ალბათ – ლეჩხუმშიც.

ავთომ და ბუჭამ ბიზნესის წამოწყება განიზრახეს – 50 ძროხით დავიწყებთო, ღორებს ვიყოლიებთო, სკებს დავდგამთო, კარტოფილს მოვიყვანთო... ავთოს და ბუჭას შრომა უყვართ, საქმე იციან, მიწა არის, საძოვრები არის, მაგრამ... ავთომ და ბუჭამ იციან, რომ თბილისში არის ერთი ნოტარიუსი, რომელიც ერთ ღამეში ათობით კერძო ბიზნესს უფორმებს მთავრობას. ავთომ და ბუჭამ იციან, რომ ერთი ასეთი ნოტარიუსი ამბროლაურშიც იქნება და იმას თუ არ ეცლება, ცაგერიც იქვეა.

მიქელამაც იცის და ბრაზობს. რაჭაშიც და ლეჩხუმშიც.

სიმართლე გითხრათ, ლეჩხუმის ბევრი არაფერი ვიცი. ამ ხნის კაცი მოვიყარე, ალასკაზე ვარ ნამყოფი და ცაგერამდე ვერ მივაღწიე. კურსზე ორნი იყვნენ – კოპალიანი და ლეთოდიანი. კოპალიანი აღარ არის, ლეთოდიანის არაფერი ვიცი. ვიცი, რა კარგი იყო ბარდნალა...

მიქელამ ჩემზე ბევრად მეტი იცის და ბევრად მეტად ბრაზობს. მიქელას წყინს, ამდენ ხანს ერთმანეთისგან რომ ვერ ვარჩევდით შხამიანს და სასარგებლოს.

სხვათა შორის, მიქელას თავისი მაცილობელა აქვს. ძალიან რომ გავს, მაგრამ მიქელა რომ არ არის, ამიტომ – არც გემრიელია და არც სასარგებლო, პირიქით – მაწყინარია. კარგი სოკო კარგი კაცივით არის – მალე წყინს, და მიქელასაც ეწყინა.

რა ეწყინა მიქელას? ეწყინა, რომ ლაჩრების გვეშინოდა; ეწყინა, რომ ქურდები მოპარვას გვაბრალებდნენ; ეწყინა, რომ გაყიდულებს გამყიდველები დაერქვათ; ეწყინა, რომ ეროვნული ვერ გავარჩიეთ ნაციონალურისგან და ვერ მივხვდით, რომ ნაციონალური ლიბერალიზმი არის ინტერნაციონალური ფაშიზმის ყველაზე მახინჯი ფორმა.

მიქელას ეწყინა, რომ მიხეილის ისევე გვეშინოდა, როგორც მიქელ–გაბრიელის.

ამხელა შესავალის შემდეგ, მთავარს ორი სიტყვით ვიტყვი:

აგვისტოს ათიდან დაიწყო და დღესაც ასე გრძელდება – წვიმას მზე ცვლის, მზეს წვიმა. რაჭველები ამბობენ, წელს მიქელა დროულად შემოვაო. ალბათ... ალბათ კი არა, ნამდვილად ასე იქნება. კარგი სოკო კარგი კაცივით არის – წყენის დავიწყება შეუძლია.

ბარდნალაში ჩამობარდნის, შხივანაში ქარი დაუბერავს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ბევრჯერ მოვა მიქელა დროულად. მერე, ერთხელაც, მრავალი წლის შემდეგ დროულად მოგვაკითხავს მიქელ–გაბრიელი და მოგვიწონებს, რომ დაფიქრებით, დინჯად და საფუძვლიანად გავაკეთეთ გავაკეთეთ ქართული ოცნების ასახდენი არჩევანი.

გაზაფხულზე მოვეფერეთ უსახელოურს, ცოლიკოურს, ტვიშს, მუჯურეთულს, ალექსანდრეულს, ორბელურ საფერეს და რაჭული თეთრას.

მთელი ზაფხული ვუვლიდით.

შემოდგომაზე დავკრეფთ, დავწურავთ, დავაბინავებთ.

ზამთარში ჭიქას ავწევთ და სადღენძელოს ვიტყვით.

ჰოდა, მიქელაც დაწყნარდება.